
საფრანგეთმა შესაძლოა, უკრაინაში ჯარები საზღვრების დასაცავად და საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად გაგზავნოს
29/02/2024 08:32:46 მსოფლიო
საფრანგეთის ხელისუფლება უშვებს უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, უკრაინის არმიის გასაწვრთნელად და საზღვრების დასაცავად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა სენატში გამართულ მოსმენაზე.
მისი თქმით, საფრანგეთის ხელისუფლების ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ შეეგუება უკრაინაში რუსეთის გამარჯვების პერსპექტივას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვის პოზიცია გახისტდა პარიზის მიმართ.
„რეალობა ისაა, რომ რუსეთი საფრანგეთისთვის პირდაპირ და მყისიერ საფრთხეს წარმოადგენს“, - ხაზგასმით აღნიშნა ატალმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ პარიზს ჯერ არ აქვს კონკრეტული გეგმები უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნის შესახებ. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამაზე საუბრისას მხოლოდ დაუშვა მსგავსი შესაძლებლობა, რადგან ომის დასაწყისში პარიზი კიევს მხოლოდ "საძილე ტომრებითა და ბინოკლებით" ეხმარებოდა, მაგრამ შემდეგ გააფართოვა დახმარება უახლეს იარაღამდე.
სენატში სხდომაზე სიტყვით ასევე გამოვიდა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში ჟან-ნოელ ბარო. მისი თქმით, უკრაინის არმია ასევე იბრძვის ევროკავშირისა და საფრანგეთის უსაფრთხოებისთვის, რადგან თუ კიევი დამარცხდება, ფრონტის ხაზი აუცილებლად გადავა დასავლეთისკენ.
„როცა მეზობლის სახლს ცეცხლი უკიდია და ხანძრის გავრცელება ემუქრება, ჩვენ გულხელდაკრეფილნი არ ვდგავართ, ვდგებით და ვრეაგირებთ“, - შეაჰამა ბარომ.
უკრაინის მხარდასაჭერად დასავლური ჯარების გაგზავნის შესახებ დისკუსია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადების შემდეგ გაჩნდა, რომელმაც მსგავსი შესაძლებლობა არ გამორიცხა. თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ამ ეტაპზე საკითხის ირგვლივ ერთსულოვნება არაა.