
Bild: გერმანიამ ჩამოაყალიბა რუსეთის მიერ ქვეყანაზე თავდასხმის გეგმა
29/02/2024 08:05:59 მსოფლიო
გერმანიის მთავრობამ მოამზადა ქვეყანაზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის გეგმა, რომელიც შედგება ოთხი ეტაპისგან, – წერს გერმანული Bild 13–გვერდიან დოკუმენტზე დაყრდნობით, სახელწოდებით „სამოქალაქო თავდაცვის რისკის ანალიზი“.
- ამ გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე, რუსეთი, სავარაუდოდ, დაიწყებს დეზინფორმაციულ კამპანიას მედიასა და სოციალურ ქსელებში, რათა მიაღწიოს „მოქალაქეებს შორის განხეთქილებას, საზოგადოების დესტაბილიზაციასა და თავისუფალი დემოკრატიისადმი ნდობის შერყევას“. ამ პროცესის პარალელურად განხორციელდება კიბერშეტევები ელექტროსადგურებზე, კაშხლებზე და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე. ოპერაციების საიდუმლოებიდან გამომდინარე, რთული იქნება ინდივიდუალური ქმედებების რუსეთისთვის ცალსახად მიკუთვნება, – ნათქვამია დოკუმენტში.
- მეორე ეტაპზე, რუსეთი ნატოს საზღვრებთან ჯარების კონცენტრაციას ახდენს და ამის საპასუხოდ ალიანსის ქვეყნები გააძლიერებენ სასაზღვრო კონტიგენტს. გაიზრდება კიბერშეტევებისა და დივერსიების რაოდენობა ნატოს ჯარების გადაადგილების შეფერხების მიზნით. რუსეთი ასევე შეეცდება კოსმოსური თანამგზავრების გამორთვას. გერმანიაში ატომურ რეაქტორებზე, ქიმიურ ქარხნებზე თავდასხმები არ არის გამორიცხული.
- მესამე ეტაპზე რუსეთი დაიწყებს მიზნობრივი დარტყმების განხორციელებას ჩვეულებრივი და არაკონვენციური იარაღის გამოყენებით. დარტყმები განხორციელდება „სამიზნეებზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
- მეოთხე ეტაპზე, რუსული ჯარები გერმანიის საზღვრამდე შეიჭრებიან. საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის ტერიტორიაზე, ჰაერში და ზღვაში წარიმართება. გარდა ამისა, ომი გავრცელდება კოსმოსში, სადაც პირველად მოხდება "კონფლიქტი გლობალური მასშტაბით".
თუ რუსეთი თავს დაესხმება გერმანიას, ეს იქნება "ფუნდამენტური ცვლილება უსაფრთხოების ვითარებაში მთელი ევროპისთვის", - ნათქვამია დოკუმენტში.
მოხსენების ავტორების თქმით, აღწერილი თავდასხმის გეგმა "სარწმუნო სცენარია".
მანამდე, როგორც მედია წერდა, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ თავის ერთ-ერთ საიდუმლო ანგარიშში აღნიშნა, რომ რუსეთს შეეძლო შეტევა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე 2025 წლის ზაფხულში. მანამდე, როგორც ბუნდესვერი ვარაუდობს, მოსკოვი მობილიზაციის მორიგ ტალღას გამოაცხადებს და ჯარში კიდევ 200 ათას ადამიანს გაიწვევს. შემდეგ რუსეთი მოაწყობს „პირველ ფარულ, შემდეგ კი ღია“ შეტევას დასავლეთზე, რის შემდეგაც შესაძლებელია ნატოს ძალებსა და რუსეთის არმიას შორის პირდაპირი შეტაკება.
მანამდე ნატოს მაღალჩინოსნებმა არაერთგზის აღნიშნეს, რომ ალიანსის ქვეყნები უნდა მოემზადონ რუსეთთან შესაძლო ომისთვის მომდევნო 20 წლის განმავლობაში. ”თქვენ უნდა გქონდეთ სისტემა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მოახდინოთ უამრავი ადამიანის მობილიზება, თუ საქმე ომს ეხება, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა ეს”, - თქვა ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაუშვა, რომ რუსეთი დაესხმება ნატოს მოკავშირეებს, თუ ის უკრაინაში გაიმარჯვებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მსგავს ვარაუდებს "სრული სისულელე" უწოდა. მისი მტკიცებით, მოსკოვს არ აქვს „არავითარი საფუძველი, ინტერესი - არც გეოპოლიტიკური ინტერესი, არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური და არც სამხედრო“, რომ კონფლიქტში შევიდეს ნატოს ქვეყნებთან.