
ფინეთი გერმანიას მოუწოდებს, გადახედოს Taurus–თან დაკავშირებულ პოზიციას
28/02/2024 18:21:14 მსოფლიო
ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა მოუწოდა გერმანიას, გადახედოს უკრაინისთვის შორი მანძილის Taurus რაკეტების მიწოდების საკითხს, რათა მხარი დაუჭიროს მას რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში.
"გერმანიის მთავრობამ იცის, რომ მათ [Taurus - რედ.] დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. თუ მათ სურთ უფრო ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის გამარჯვებისთვის, მათ შეუძლიათ უზრუნველყონ ეს", - ამბობს ჰაკანენი.
ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს დაეთანხმა თავდაცვის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დეპუტატი მიკო სავოლა.
მისი თქმით, უკრაინას წვდომა რომ ჰქონდეს მტრის ზურგზე, მას შორ მანძილზე მოქმედი სისტემები სჭირდება.
იმავდროულად, ფინელმა მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, რომ თავად კიევს შეზღუდვებს არ უწესებენ და უკრაინელებს შეუძლიათ, ფინეთიდან მიღებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზეც გამოიყენონ სამხედრო სამიზნეების გასანადგურებლად.
26 თებერვალს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაადასტურა, რომ ბერლინმა უარი თქვა უკრაინისათვის Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების მიცემაზე. შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ ამ იარაღის გადაცემა უახლოეს მომავალში დღის წესრიგში არ იქნება.
შოლცის აზრით, ამ იარაღის მიწოდების შემთხვევაში ძალიან დიდი იქნებოდა გერმანიის ომში მონაწილეობის საშიშროება. გარდა ამისა, გერმანიის კანცლერს მიაჩნია, რომ უკრაინას ახლა "სრულიად განსხვავებული“ საბრძოლო მასალა სჭირდება.
კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემისგან თავს იკავებს იმ მოტივით, რომ უკრაინელებმა ამ რაკეტებით შესაძლოა, სამიზნეებს შეუტიონ რუსეთის ტერიტორიაზე. კიევი კი აცხადებს, რომ ამ ტიპის რაკეტები მას მხოლოდ ქვეყნის დასაცავად სჭირდება.