
კიევს შეუძლია, ფინეთიდან მიღებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზეც გამოიყენოს
28/02/2024 18:07:46 მსოფლიო
ფინეთის თავდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი არ უწესებენ უკრაინას შეზღუდვებს ფინურ სამხედრო დახმარებაზე და კიევს შეუძლია, მიღებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზეც გამოიყენოს,–იტყობინება უკრაინული მედია ფინურ Yle–ზე დაყრდნობით.
ფინეთის თავდაცვის მინისტრის ანტტი ჰიაკკანენის თქმით, უკრაინის წინაშე იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვებს აყენებენ უპირველეს ყოვლისა ქვეყნები, რომლებმაც მას შორ მანძილზე მოქმედი სისტემები მიაწოდეს.
„დღეს, ამ დიდ ქვეყნებს, რომლებმაც, სხვა საკითხებთან ერთად, უზრუნველყვეს შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების მიწოდება, რა თქმა უნდა, ასევე აქვთ ხმის უფლება, თუ რას უზამს ამ იარაღს უკრაინა“, - თვლის მინისტრი.
მინისტრმა დასძინა, რომ ფინეთი თავის მოკავშირეებთან მუდმივად განიხილავს იარაღის სახეობებზე შეზღუდვებს.
ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ იუკა კოპრამ ასევე დაუდასტურა Yle-ს, რომ ჰელსინკი არ უწესებს შეზღუდვებს კიევ იარაღის გამოყენებაზე და „უკრაინას უნდა ჰქონდეს უფლება, გამოიყენოს ეს იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ“.
ამავდროულად, კომიტეტში კოპრას მოადგილემ, დეპუტატმა მიკო სავოლამ აღნიშნა, რომ ფინეთის მიერ უკრაინას მიწოდებული იარაღის მოქმედების რადიუსი მცირეა.
მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს უფლება დასავლური გამანადგურებლებით დაარტყას სამხედრო სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე.