
პარლამენტის სპიკერებმა 23 ქვეყნიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს უკრაინასთან დაკავშირებით მიმართეს
28/02/2024 16:49:11 მსოფლიო
23 ქვეყნის პარლამენტის სპიკერებმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს უკრაინის მხარდაჭერის თხოვნით მიმართეს,- იტყობინება უკრაინის რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი.
პარლამენტის სპიკერებმა ერთობლივ წერილში მოუწოდეს მაიკ ჯონსონს, განსახილველად წარადგინოს სენატის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დასახმარებლად 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას მოიცავს.
სპიკერებს შორის არიან გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვას, ჩრდილოეთ მაკედონიის, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების პარლამენტების სპიკერები. ამასთან, წერილი ხელმოსაწერად ღიაა სხვა სპიკერებისთვისაც.
„ჩვენი ქვეყნები მზად არიან, გააძლიერონ მხარდაჭერა უკრაინისა და მისი თავდაცვის ძალებისთვის. ამას აღიქვამენ, როგორც მნიშვნელოვან ინვესტიციას ჩვენს ინდივიდუალურ და კოლექტიურ უსაფრთხოებაში. ბოროტების ღერძი უნდა დავამარცხოთ და ყველა პასუხისმგებელი დაისაჯოს, რაც იქნება მნიშვნელოვანი პრევენცია შემდგომი კონფლიქტებისა და ჩვენს ხალხს აღუდგენს კონტროლის, უსაფრთხოების განცდას“, – ნათქვამია წერილში.