
უკრაინამ ალბანეთთან თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი
28/02/2024 15:32:35 მსოფლიო
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ალბანეთის მთავრობის მეთაურმა ედი რამამ ოთხშაბათს ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას.
ეს დოკუმენტი, – აღნიშნა ზელენსკიმ, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებას და უკრაინის პოზიციების განმტკიცებას ბალკანეთის რეგიონში.
რამასთან შეხვედრაზე სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ მათ განიხილეს უკრაინის თავდაცვის საჭიროებები და იარაღის ერთობლივი წარმოების შესაძლებლობა.
„სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღიდან ალბანეთი მხარს უჭერდა უკრაინას, ჩვენს ბრძოლას თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის",– თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკი ალბანეთის დედაქალაქში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სამიტზე ჩავიდა, რომელიც ოთხშაბათს, 28 თებერვალს იმართება.
ედი რამამ სამიტის წინა დღეს განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დასავლეთის დახმარების გაჭიანურების ფონზე.