
ნავალნის ქვრივი: პუტინს მორიგი რეზოლუციით ან სანქციებით ვერაფერს ავნებთ, ნოვატორები უნდა გახდეთ
28/02/2024 14:10:03 მსოფლიო
ალექსეი ნავალნის ქვრივმა ევროპარლამენტარებს ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ ახალი მეთოდების გამოყენებისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, საქმე არა პოლიტიკოსთან, არამედ მონსტრთან აქვთ, შესაბამისად, "თუ მართლა გსურთ პუტინის დამარცხება, უნდა გახდეთ ნოვატორები".
მისი თქმით, პუტინს "მორიგი რეზოლუციით ან სანქციებით, რომლებიც არაფრით განსხვავდება წინა რეზოლუციებისგან და მაგისთანებისგან, ვერაფერს ავნებთ".
"ჩვენ საქმე გვაქვს არა პოლიტიკოსთან, არამედ სისხლიან მაფიოზთან. მთავარია, პუტინთან დაახლოებული ხალხი, მისი მეგობრები, თანამოაზრეები და ადამიანები, რომლებიც მაფიის ფულს განაგებენ. თქვენ და ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ ამ კრიმინალურ დაჯგუფებას. არა დიპლომატიური ნოტები, არამედ გამოძიება ფინანსურ მაქინაციებზე. არა შეშფოთების განცხადებები, არამედ თქვენს ქვეყნებში მაფიის თანამოაზრეების ძიება, გონიერი იურისტებისა და ფინანსისტების, რომლებიც პუტინს და მის მეგობრებს ფულის დამალვაში ეხმარებიან. ამ ბრძოლაში თქვენ გყავთ საიმედო მოკავშირეები - ათობით მილიონი რუსი, რომელიც პუტინის წინააღმდეგია, ომის წინააღმდეგია, მის მიერ მოტანილი ბოროტების წინააღმდეგია. პუტინმა უნდა აგოს პასუხი იმისთვის, რაც ჩემს ქვეყანას გაუკეთა. პუტინმა უნდა აგოს პასუხი, რაც გაუკეთა მეზობელ მშვიდობიან ქვეყანას. პუტინმა უნდა აგოს პასუხი ყველაფერზე, რაც მან გაუკეთა ალექსეის." – აღნიშნა მიმართვის დროს იულია ნავალნაიამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
47 წლის ნავალნი 16 თებერვალს კოლონიაში დაიღუპა. მანამდე ის 27–ედ გაგზავნეს სადამსჯელო საკანში. დასკვნაში ნავალნის გარდაცვალების შესახებ ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი "ბუნებრივი სიკვდილით" გარდაიცვალა.
ცხედარი ოჯახს მხოლოდ 24 თებერვალს, გადასცეს. დედის თქმით, საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა შვილის ცხედრის გადაცემის სანაცვლოდ მისგან მოითხოვეს, დათანხმებოდა ალექსეი ნავალნის ფარულ დაკრძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, კოლონიის ტერიტორიაზე დაკრძალავდნენ. ნავალნის დედამ უარი თქვა ამ მოთხოვნის შესრულებაზე.
ნავალნის 1-ელ მარტს, მოსკოვში დაკრძალავენ.