Accentnews.ge
პროფკავშირი: წულუკიანს დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა მოსარჩელემ მოუგო

პროფკავშირი: წულუკიანს დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა მოსარჩელემ მოუგო

28/02/2024 11:59:28 საზოგადოება

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ინფორმაციით, სასამართლო დავა საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა მოსარჩელემ მოიგო.

კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია და ბათილად ცნო მაია პატარიძის სამსახურიდან გათავისუფლება.

ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება და მაია პატარიძის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით 2000 ლარის ანაზღაურება.

"ჩვენმა პროფკავშირმა - SEC Workers Union მორიგი სასამართლო პროცესი მოუგო საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალ ხელმძღვანელობას და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და პირადად თეა წულუკიანს.

გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე სოსო ღურწკაიამ 2024 წლის 28 თებერვალს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე მაია პატარიძის სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, რომლითაც ძირითადად დაკმაყოფილდა მაია პატარიძის სარჩელი. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მაია პატარიძის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც მაია პატარიძე სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს მაია პატარიძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 2000 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან სასამართლო, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ვერ დაავალდებულებს დასაქმებული აღადგინოს დაკავებულ თანამდებობაზე, რაც მუზეუმისთვის დიდი დანაკლისი იქნება," – იტყობინება მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი.

ორგანიზაციის ცნობით, ეს უკვე მე-15 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ.

სასამართლოში კიდევ 70 სარჩელია შესული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S