
მეთიუ მილერი: უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად სერიოზულია
28/02/2024 11:01:14 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას "უკიდურესად სერიოზულიად" აფასებს იმის გამო, რომ უკრაინელ სამხედროებს არ აქვთ საკმარისი საბრძოლო მასალა.
"ახლა სიტუაცია უკიდურესად სერიოზულია. უკრაინელ სამხედროებს არ აქვთ საკმარისი საბრძოლო მასალა, რომელიც საჭიროა რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად. ისინი აგრძელებენ გაბედულად ბრძოლას. მათ ჯერ კიდევ აქვთ იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ, მაგრამ მათი დაზოგვა უწევთ, რადგან აშშ-ის კონგრესმა ვერ შეძლო ზომების მიღება", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა და დასძინა, შეერთებული შტატები კვლავაც იმედოვნებს, რომ წლის დანარჩენ პერიოდში უკრაინული ჯარები გააგრძელებენ "გაბედულად ბრძოლას და მიაღწევენ წარმატებას“, მაგრამ მათთვის ეს ბევრად უფრო რთული იქნება, თუ არ ექნებათ წვდომა საჭირო საბრძოლო მასალაზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესი ისევ გააფრთხილა, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, შედეგები უმძიმესი იქნება. ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად თეთრ სახლში შეხვდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს, დემოკრატების უმცირესობის ლიდერ ჰაკიმ ჯეფრისს და სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერ ჩაკ შუმერს და რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერ მიჩ მაკკონელს.