
ბაიდენმა კონგრესი უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით კვლავ გააფრთხილა: უმოქმედობის შედეგები უმძიმესი იქნება
28/02/2024 05:40:36 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესი უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით კვლავ გააფრთხილა.
ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად თეთრ სახლში შეხვდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს, დემოკრატების უმცირესობის ლიდერ ჰაკიმ ჯეფრისს, სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერ ჩაკ შუმერს და რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერ მიჩ მაკკონელს.
რა თქვა ბაიდენმა
კონგრესის ლიდერებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის დაფინანსების პრობლემა სულ უფრო მწვავდება.
"უმოქმედობის შედეგები უმძიმესი იქნება", – განაცხადა ბაიდენმა.
რა თქვა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონგრესმა ჯერ ამერიკის საჭიროებებზე, მათ შორის საზღვარზე არსებული სიტუაციის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს.
რა თქვა სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერმა
CNN-ის ცნობით, სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული".
შუმერის განცხადებით, საუბარი იყო იმის შესახებ, რომ უკრაინის დახმარება შეერთებული შტატებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და თავს ვეღარ მისცემენ მოცდის უფლებას, რადგან ასეთ შემთხვევაში დამარცხებაა მოსალოდნელი.
ცნობისთვის: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში 25 თებერვალს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინაში სიკვდილი ელოდება მილიონობით ადამიანს. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი დაფინანსების გაგრძელების საკითხს დადებითად გადაწყვეტს.
სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, 13 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს რესპუბლიკელმა სენატორებმაც. ამასთან, სპიკერ ჯონსონის გადაწყვეტილებით, კენჭისყრა არ ჩატარებულა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში.
რესპუბლიკელები წინააღმდეგობის მიზეზად ასახელებენ მექსიკასთან საზღვრის გავლით მასშტაბური არალეგალური მიგრაციის პრობლემას, რომლის მოსაგვარებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 2022-2023 წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44 მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია.