Accentnews.ge
ევროკავშირის 15 ქვეყანა შეთანხმდა უკრაინისთვის 1,5 მილიარდი დოლარის ჭურვების შეძენაზე

ევროკავშირის 15 ქვეყანა შეთანხმდა უკრაინისთვის 1,5 მილიარდი დოლარის ჭურვების შეძენაზე

27/02/2024 13:48:36 მსოფლიო

ევროპის ქვეყნებმა გააცნობიერეს, რომ ვერ შეძლებენ უკრაინისთვის საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალის სწრაფად მიწოდებას, ამიტომ, გადაწყვიტეს საარტილერიო ჭურვები მესამე მხარის მწარმოებლებისგან შეიძინონ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც კი, რომელიც აქამდე დაჟინებით მოითხოვდა ევროკავშირის ფულის გამოყენებას მხოლოდ ევროპის თავდაცვის სექტორის დასაფინანსებლად, მხარი დაუჭირა ჩეხეთის მიერ თავდაპირველად ჩამოყალიბებულ წინადადებას. ის შესაძლოა, მარტის დასაწყისში გამოქვეყნდეს. ამის შემდეგ უკრაინა რამდენიმე კვირაში დაახლოებით 800 000 ჭურვის მიღებას შეძლებს,– იტყობინება Bloomberg.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ევროპა და უკრაინა 2025 წლისთვის საკმარისი საბრძოლო მასალის წარმოებას შეძლებენ, მაგრამ მანამდე დეფიციტი უნდა ამოვავსოთ“, - თქვა ორშაბათს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ. ჩეხეთის ინიციატივა დაეხმარება ევროპულ ქვეყნებს ამ განზრახვის სისრულეში მოყვანაში.

გასულ კვირას ჩეხეთმა შესთავაზა ჭურვების შეძენა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ 1,5 მილიარდ დოლარად და მზად არის, ჩაერთოს მათ შეძენასა და მიწოდებაში. როგორც ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, პრაღამ აღმოაჩინა 500 000 155 მმ–იანი ჭურვი და კიდევ 300 000 122–იანი, რომლებიც, თუ თანხები იქნება, რამდენიმე კვირაში უკრაინაში გაიგზავნება.

ფიალას ცნობით, ინიციატივაში მონაწილეობის სურვილი 15-მა ქვეყანამ გამოთქვა. ფიალამ ქვეყნები არ დაასახელა, მაგრამ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თანახმაა, გამოყოს 100 მილიონი ევრო ამ გეგმის განსახორციელებლად და რომ იმედოვნებს სხვა სახელმწიფოების მონაწილეობასაც. მაკრონმა აღიარა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია, სწრაფად აწარმოოს საჭირო რაოდენობის ჭურვები და აუცილებელია, სხვა ქვეყნებს მიმართოს:

"ჩვენ ვთხოვეთ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს, ამ საკითხის ირგვლივ გადაწყვეტილებას მიაღწიონ. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ამ ინიციატივაში. ჩვენ სრულიად ღია ვართ ამისთვის. ჩვენი ერთადერთი მიზანი ეფექტურობაა".

ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ კოორდინაციას უწევს ძალისხმევას ინიციატივის განსახორციელებლად და მიიღო წინასწარი თანხმობა მასში მონაწილეობაზე დანიიდან და კანადიდან, ისევე როგორც რამდენიმე სხვა ქვეყნიდან.

გერმანული მედიაც წერდა, რომ ბერლინი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, მათ შორის ინდოეთთან ჭურვების საკითხზე.

ერთი წლის წინ, ევროკავშირმა მიიღო გეგმა უკრაინისთვის 1 მილიონი 155 მმ–იანი ჭურვის მიწოდების შესახებ. თუმცა, რეალურად მან მხოლოდ 30% მიაწოდა, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ევროკავშირის ახალი გეგმების მიხედვით, წლიურმა წარმოებამ უნდა მიაღწიოს 1,1 მილიონ ჭურვს ამ წლის ბოლომდე, ხოლო 2 მილიონს – 2025 წელს.

ცოტა ხნის წინ, პრაღამ მიმართა ევროკომისიას წინადადებით, რომ მის ინიციატივას გადაეცეს 300 მილიონი ევრო, რომელიც გამოიყო უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად, მაგრამ არ დაიხარჯა, – წერს Financial Times. მაშინ ბრიუსელმა უარი თქვა საფრანგეთის წინააღმდეგობის გამო. მაგრამ მაკრონის განცხადების შემდეგ, ეს დაბრკოლება უნდა მოიხსნას.

იმავდროულად, რუსეთმა, რომელმაც დაიწყო ომი, მიიღო დაახლოებით 3 მილიონი საარტილერიო ჭურვი ჩრდილოეთ კორეიდან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, – განაცხადა სამშაბათს სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ-სიკმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S