
პოლონეთში ნეპალელი ახალგაზრდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 8-დან 25 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება
27/02/2024 10:48:27 სამართალი
პოლონეთში ნეპალელი ახალგაზრდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს.
პოლონური მედიის ცნობით, სლუპსკის რაიონულმა პროკურატურამ მისთვის 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ 28 წლის ნეპალელ მამაკაცს კისერში დანით ჭრილობები მიაყენა.
დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულია ორი უკრაინელი ქალიც, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის იარაღის მოშორებას შეეცადნენ.
საქართველოს მოქალაქეს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 25 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მკვლელობა პოლონეთის ქალაქ სლუპსკში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე 25 თებერვალს მოხდა.