
ისრაელი უკრაინისთვის საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემების მიწოდებას გეგმავს
27/02/2024 09:18:52 მსოფლიო
ისრაელი უკრაინისთვის საჰაერო თავდასხმის ადრეული გაფრთხილების სისტემების მიწოდებას გეგმავს, – იუწყება უკრაინული მედია გაერო–ში ისრაელის მუდმივ წარმომადგენელზე დაყრდნობით.
"ისრაელი მუშაობს, რომ უკრაინას სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემები მიაწოდოს, რათა გადაარჩინოს მშვიდობიანი მოქალაქეები რუსული დარტყმებისგან", - აცხადებს ელჩი გილად ერდანი.
მისი თქმით, ისრაელი მოხარულია, რომ თავის პოტენციალს უკრაინელ მეგობრებს უზიარებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების პირველ დღეებში ისრაელმა უკრაინას 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული აღჭურვილობა გაუგზავნა. ასობით უკრაინელმა კი მკურნალობის კურსი ისრაელის საავადმყოფოებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში გაიარა.