
დიაჩენკო: რუსეთის მიერ ოკუპირებულ ავდეევკაში 30 ათასიდან 700 მოსახლე რჩება
27/02/2024 08:02:16 მსოფლიო
დონეცკის ოლქის ავდეევკაში, რომელიც რუსმა ჯარებმა ერთი კვირის წინ დაიკავეს, დაახლოებით 700 მაცხოვრებელი დარჩა, რომლებმაც უარი თქვეს ევაკუაციაზე. ამის შესახებ დონეცკის რეგიონში ეროვნული პოლიციის წარმომადგენელმა და "თეთრი ანგელოზის" ევაკუაციის რაზმის წევრმა პაველ დიაჩენკომ განაცხადა.
2022 წლის თებერვალში რუსული ჯარების უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრამდე ავდეევკაში დაახლოებით 30 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
მისი თქმით, „თეთრი ანგელოზის“ წევრები რეგულარულად სტუმრობდნენ ავდეევკას, ჰუმანიტარული დახმარება ჩაჰქონდათ, ევაკუაციის მსურველებს ეხმარებოდნენ და არც ერთ მცხოვრებს, ვისთანაც ღიად ჰქონდათ კომუნიკაცია, არ გამოუთქვამს მხარდაჭერა რუსეთის მიმართ.
რუსული ჯარები ავდეევკას მახლობლად გააქტიურდნენ ოთხ თვეზე მეტი ხნის წინ, 2023 წლის ოქტომბერში. ოქტომბრის ბოლოს ბრიტანულმა სამხედრო დაზვერვამ აღნიშნა, რომ რუსეთმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა 2023 წელს დონეცკის ოლქის ავდეევკაზე თავდასხმის დროს.ამავდროულად, ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) დასძინა, რომ მძიმე რუსული ტექნიკის დაკარგვა დონეცკის რეგიონის ავდეევკას რაიონში, სავარაუდოდ, ძირს უთხრის რუსეთის შეტევითი შესაძლებლობებს გრძელვადიან პერსპექტივაში.
ქალაქისთვის ბრძოლები თებერვლამდე გაგრძელდა. 20 თებერვალს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ავდეევკადან გასვლა დაიწყეს.