
კულება უკრაინელებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს
27/02/2024 06:14:57 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ქვეყნიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ წასულ უკრაინელებს მოუწოდა, სამშობლოში დაბრუნდნენ და მის გადარჩენაში პირადი წვლილი შეიტანონ.
ირლანდიურ გამოცემა The Irish Times-თან ინტერვიუში კულებამ განაცხადა, რომ "პატივს სცემენ თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას და ამასთან, ყველა უკრაინელს მოუწოდებენ, განიხილონ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა".
"ზოგიერთ ადამიანს ეს არჩევანი არ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის, ან სხვა მიზეზთა გამო, მაგრამ ვისაც არჩევანი აქვს, უნდა დაბრუნდეს და უკრაინას ბრძოლასა და გადარჩენაში დაეხმაროს", – განაცხადა კულებამ.
2022 წლის 24 თებერვლიდან – რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინა 6 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. მათი უმეტესობა ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრობს.
4 მილიონზე მეტი უკრაინელი ევროკავშირში სარგებლობს დროებითი დაცვის მექანიზმით, რომლის მოქმედების ვადა 2025 წლის მარტში იწურება.
ომის დაწყებამდე უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონზე მეტი იყო.