
აშშ–მა იემენში ჰუსიტების პოზიციებზე იერიში კვლავ მიიტანა
27/02/2024 05:59:37 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების შეირაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, სამი უეკიპაჟო ხომალდი და ორი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს, რომლებიც ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან წითელი ზღვისკენ გასაშვებად იყო მომზადებული.
ცენტრალურ სარდლობის ინფორმაციით, ასევე გაანადგურებულია დრონი წითელი ზღვის თავზე.
„ყველა აღნიშნული იარაღი წარმოადგენდა გარდაუვალ საფრთხეს რეგიონში სავაჭრო გემებისთვის და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებისთვის", - ნათქვამია ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: იემენში მოქმედი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "ჰამასს" შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ. პირველი თავდასხმა 19 ნოემბერს მოხდა იაპონურ გემ Galaxy Leader-ზე. მას შემდეგ მეამბოხეებმა რაკეტებით და დრონებით კიდევ 25 შეტევა განახორციელეს სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო გემებზე. არაერთი თავდასხმა მოიგერიეს აშშ-ის და მისი პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო გემებმა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.
წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 12% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია. თავდასხმების გახშირების გამო, მსოფლიოს მსხვილი კომპანიები სულ უფრო ხშირად არიდებენ თავს წითელი ზღვით ტვირთების გადატანას. ალტერნატიული მარშრუტი აფრიკის სამხრეთის გავლით, ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვნად ზრდის.