
ერდოღანი: თურქეთი გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს, რათა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური ძალა გახდეს
26/02/2024 16:57:08 მსოფლიო
თურქეთი გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს, რათა გახდეს გლობალური ძალა და არა მხოლოდ რეგიონალური,– თქვა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, თურქეთის მთავარი როლი კრიზისების მოგვარებაში სულ უფრო შესამჩნევი ხდება.
"ჩვენ ვართ ლიბიაში, ვართ ყარაბაღში. ყველა ამ ადგილზე თურქეთი უერთდება თავის ძმებს, დგას მხარ-მხარზე და თავდაჯერებულად მიდის ამ გზაზე",– თქვა ერდოღანმა.
მისი თქმით, როდესაც თავდაცვის ინდუსტრიაში უცხოურ წყაროებზე თურქეთის დამოკიდებულება შემცირდა, მისი "ეფექტურობა საერთაშორისო ასპარეზზე გაიზარდა" და თავად "ქმნის ეპოქას თავდაცვის ინდუსტრიაში".
"შარშან ჩვენ ექსპლუატაციაში გავუშვით მსოფლიოში პირველი უპილოტო გემი, "ანადოლუ". მსოფლიოში პირველი სამეული ვართ უპილოტო საფრენი აპარატების დარგში. დღეს თურქული უპილოტო საფრენი აპარატები იცავენ 34 სხვადასხვა ქვეყნის ცას. ცოტა ხნის წინ ჩვენმა ეროვნულმა საბრძოლო თვითმფრინავმა KAAN-მა წარმატებით დაასრულა პირველი ფრენა. ამრიგად, ვართ ერთ-ერთი იმ ოთხი ქვეყნიდან, რომელსაც შეუძლია მე-5 თაობის თვითმფრინავების წარმოება",– თქვა ერდოღანმა.