
ზელიმხან ხანგოშვილის ძმა: ვიცი, რომ განიხილება კრასიკოვის კარა-მურზაში გაცვლა
26/02/2024 15:11:03 საზოგადოება
ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის ძმა არ გამორიცხავს, რომ ნავალნის სიკვდილის შემდეგ, მისი ძმის მკვლელი, ეფ-ეს-ბეს აგენტი ვადიმ კრასიკოვი რუს ოპოზიციონერი, ვლადიმერ კარა-მურზაში გაიცვალოს. ზურაბ ხანგოშვილს ინფორმაცია გერმანელი ადვოკატის მხრიდან აქვს, თუმცა ოფიციალურად ამაზე მას არავინ დაკავშირებია:
"დაახლოებით 6 თვის წინ მქონდა ინფორმაცია, რომ იყო საუბარი ნავალნიზე გაცვლაზე. ამჟამად ვიცი, რომ არის საუბარი და განიხილება ვლადიმერ კარა- მურზაში გაცვლა და ჯერჯერობით მთავრობის მხრიდან არავინ დამკავშირებია" ამბობს ზურაბ ხანგოშვილი "მთავართან".
მანამდე საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელმა მარია პევჩიხმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი კოლონიაში მოკლეს, რათა თავიდან აეცილებინათ მისი სავარაუდო გაცვლა რუს დაზვერვის ოფიცერ ვადიმ კრასიკოვზე, რომელიც ბერლინში სასჯელს იხდის საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის.
მისი თქმით, 15 თებერვალს საღამოს მან მიიღო დადასტურება, რომ გაცვლაზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე იყო. მეორე დღეს ნავალნის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი.
როგორც პევჩიხმა განაცხადა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ნავალნის თანამოაზრეებმა, გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხრისტო გროზევის დახმარებით, დაიწყეს მუშაობა მისი და სხვა პოლიტიკური პატიმრების გაცვლის შესაძლებლობაზე - განსაკუთრებით რუს ჯაშუშებზე.
ნავალნის მოკავშირის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა უცხოელმა ოფიციალურმა პირმა უარი თქვა ამ გეგმის განხორციელებაში დახმარებაზე, ზოგიერთი ადამიანის დახმარების წყალობით, რომლებიც მან არ დაასახელა, ის მაინც ახლოს იყო შედეგთან. პევჩიხის თქმით, ნავალნის კრასიკოვზე გაცვლის იდეა პუტინს ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა მიუტანა.
მისი თქმით, პუტინს განუცხადეს, რომ კრასიკოვის რუსეთში დაბრუნების ერთადერთი გზა ნავალნიზე გაცვლა იყო, მაგრამ პუტინმა ეს სხვაგვარად განმარტა - თუ დასავლეთის ქვეყნები "პრინციპში, მზად არიან" გაცვალონ კრასიკოვი, მაშინ ისინი გაცვლიან სხვაზე, ხოლო ნავალნი უნდა "ჩამოიშოროს". პევჩიხი აღიარებს, რომ ეს ალოგიკურია, მაგრამ თვლის, რომ პუტინი "გაგიჟდა" და ირაციონალური გადაწყვეტილება მიიღო.
ადრე Wall Street Journal-მა ნავალნი ახსენა გაცვლის კონტექსტში, ხოლო პუტინმა ისაუბრა კრასიკოვზე (გვარის ხსენების გარეშე), როგორც პიროვნებაზე, რომელიც შეიძლება გაცვალოს რუსეთმა მსჯავრდებულ ამერიკელებზე.
ვადიმ კრასიკოვს 2019 წელს, ბერლინის პარკში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. გერმანულმა გამოძიებამ დაადგინა მკვლელობასთან კრემლის კავშირი.