
ოლაფ შოლცი: ალექსეი ნავალნი რეჟიმმა მოკლა
26/02/2024 14:31:58 მსოფლიო
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია პასუხისმგებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილზე.
"მე, ისევე როგორც ყველა, ვთვლი, რომ ნავალნი რეჟიმმა მოკლა. და მისი სიკვდილი დიქტატურის შედეგი იყო", - განაცხადა ოლაფ შოლცმა 26 თებერვალს ბერლინში, საინფორმაციო სააგენტო DPA-ს სარედაქციო კონფერენციაზე.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ნავალნის სიკვდილი რუსეთის ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს:
"ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტს და ყველას, ვინც მას პოლიტიკურად უჭერს მხარს, ძალიან ეშინიათ. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენებიდან მოხსნეს".
რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, 47 წლის ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს დაიღუპა კოლონიაში. რუსეთის სასჯელაღსრულებამ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, გონება დაკარგა, ექიმების მიერ მისი რეანიმირების მცდელობა კი უშედეგოდ დასრულდა. ოფიციალური სამედიცინო დასკვნით, გარდაცვალება გამოწვეული იყო „ბუნებრივი მიზეზებით".
ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა და აეროპორტშივე დააკავეს.