
პევჩიხი: ნავალნი კრასიკოვზე გაცვლის ჩაშლის მიზნით მოკლეს
26/02/2024 11:26:26 მსოფლიო
საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელი მარია პევჩიხი ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნი კოლონიაში მოკლეს, რათა თავიდან აეცილებინათ მისი სავარაუდო გაცვლა რუს დაზვერვის ოფიცერ ვადიმ კრასიკოვზე, რომელიც ბერლინში სასჯელს იხდის საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის.
მისი თქმით, 15 თებერვალს საღამოს მან მიიღო დადასტურება, რომ გაცვლაზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე იყო. მეორე დღეს ნავალნის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი.
როგორც პევჩიხმა განაცხადა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ნავალნის თანამოაზრეებმა, გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხრისტო გროზევის დახმარებით, დაიწყეს მუშაობა მისი და სხვა პოლიტიკური პატიმრების გაცვლის შესაძლებლობაზე - განსაკუთრებით რუს ჯაშუშებზე.
ნავალნის მოკავშირის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა უცხოელმა ოფიციალურმა პირმა უარი თქვა ამ გეგმის განხორციელებაში დახმარებაზე, ზოგიერთი ადამიანის დახმარების წყალობით, რომლებიც მან არ დაასახელა, ის მაინც ახლოს იყო შედეგთან. პევჩიხის თქმით, ნავალნის კრასიკოვზე გაცვლის იდეა პუტინს ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა მიუტანა.
მისი თქმით, პუტინს განუცხადეს, რომ კრასიკოვის რუსეთში დაბრუნების ერთადერთი გზა ნავალნიზე გაცვლა იყო, მაგრამ პუტინმა ეს სხვაგვარად განმარტა - თუ დასავლეთის ქვეყნები "პრინციპში, მზად არიან" გაცვალონ კრასიკოვი, მაშინ ისინი გაცვლიან სხვაზე, ხოლო ნავალნი უნდა "ჩამოიშოროს". პევჩიხი აღიარებს, რომ ეს ალოგიკურია, მაგრამ თვლის, რომ პუტინი "გაგიჟდა" და ირაციონალური გადაწყვეტილება მიიღო.
ადრე Wall Street Journal-მა ნავალნი ახსენა გაცვლის კონტექსტში, ხოლო პუტინმა ისაუბრა კრასიკოვზე (გვარის ხსენების გარეშე), როგორც პიროვნებაზე, რომელიც შეიძლება გაცვალოს რუსეთმა მსჯავრდებულ ამერიკელებზე.