
ზელენსკი: აშშ–ის არჩევნები გარდამტეხი მომენტი იქნება
26/02/2024 06:53:10 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომავალი თვეები რთული იქნება მისი ქვეყნისთვის, რადგან აშშ-ში პოლიტიკური გაურკვევლობაა.
ზელენსკის თქმით, "ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნები გარდამტეხი მომენტი იქნება", რის შემდეგაც შეძლებენ გაერკვნენ, "რა იქნება შემდეგ".
უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინის დაფინანსების გაგრძელების საკითხს დადებითად გადაწყვეტს.
ზელნსკის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინაში სიკვდილი მილიონობით ადამიანს ელოდება.
ცნობისთვის: კონგრესში რესპუბლიკელების დიდი ნაწილის წინააღმდეგობის გამო აშშ ამ დრომდე ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო თანხის გამოყოფას.
სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, 13 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ. კენჭისყრა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში ამ დრომდე არ ჩატარებულა. რესპუბლიკელები წინააღმდეგობის მიზეზად ასახელებენ მექსიკასთან საზღვრის გავლით მასშტაბური არალეგალური მიგრაციის პრობლემას, რომლის მოსაგვარებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ზომებს არსაკმარისად მიიჩნევენ.
დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რამდენიმე თვეა, ცდილობს კონგრესის დარწმუნებას, რომ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება საჭიროა არა მხოლოდ რუსეთისგან უკრაინის დასაცავად, არამედ აშშ-ის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ აშშ-ის კონგრესი დაფინანსების გაგრძელების საკითხს დადებითად გადაწყვეტს.
2024 წლის 24 თებერვალს ორი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.
2022-2023 წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გაუწია.