ალექსეი ნავალნის დედას შვილის ცხედარი გადასცეს
25/02/2024 06:18:07 მსოფლიო
ალექსეი ნავალნის დედას, ლიუდმილა ნავალნაიას შვილის ცხედარი გადასცეს. ინფორმაციას ნავალნის პრესსპიკერი, კირა იარმიში ავრცელებს.
"დაკრძალვა ჯერ კიდევ წინ არის. არ ვიცით შეუშლის თუ არა ხელისუფლება ხელს მის ჩატარებას ისე, როგორც ოჯახს სურს და როგორც ალექსეი იმსახურებს". - თქვა იარმიშმა.
მანამდე, 23 თებერვალს ასევე ნავალნის პრესსპიკერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამომძიებლებმა ლიუდმილა ნავალნაიას წაუყენეს ულტიმატუმი, დათანხმებოდა შვილის საიდუმლო ვითარებაში, ცერემონიის გარეშე დაკრძალვას, ან ნავალნის ცხედარს კოლონიის ტერიტორიაზე დამარხავდნენ.
როგორც იარმიში სოციალურ ქსელში წერდა, ნავალნაიას გადაწყვეტილების მისაღებად სამი საათი მისცეს. მისივე თქმით, ნავალნის დედამ უარი თქვა საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებთან მოლაპარაკებაზე და მოითხოვა, რომ კანონის თანახმად, შვილის ცხედარი ოჯახს სიკვდილის მიზეზის ოფიციალურად დადგენიდან ორი დღის განმავლობაში, ანუ 24 თებერვლამდე გადასცემოდა.
ლიუდმილა ნავალნაიამ ალექსეი ნავალნის ცხედარი 22 თებერვალს ქალაქ სალეხარდში ნახა. პატიმრობაში მოკლული რუსი ოპოზიციონერის დედა შვილის ცხედარს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.


