
პრემიერი: რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი იქამდე არ განხორციელდება, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდება
24/02/2024 13:53:26 პოლიტიკა, საზოგადოება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი იქამდე არ განხორციელდება, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდება.
როგორც პრემიერმა ექიმებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საავადმყოფო უახლოესი 3 წლის განმავლობაში, იგივე შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას.
„რაც შეეხება თვითონ შენობის მდგომარეობას, მდგრადობის კუთხით პრობლემები არ არის, სხვადასხვა კუთხით - ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რასაც ყველა ადასტურებს. ჩვენ ვეცდებით, რომ თუნდაც, სამუშაო შუალედურ პერიოდში - 2-3-წლიან პერიოდში ამ ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარებაზე ვიზრუნოთ. რაც შეეხება შენობის დემონტაჟს, შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდება. შესაბამისად, ჩვეულებრივად, უახლოესი 3 წლის განმავლობაში საავადმყოფო ფუნქციონირებას არსებულ შენობაში გააგრძელებს. დაახლოებით, 3 წლის თავზე უნდა დასრულდეს სამშენებლო სამუშაოები და ამის შემდეგ, საავადმყოფო გადავა ახალ შენობაში. ასეთია ის გეგმა, რომელიც ექიმებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან შევაჯერეთ“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, "ტყუილი აღმოჩნდა თუ არა, ჯანდაცვის სამინისტროს ნათქვამი, რომ შენობას მდგრადობის პრობლემა ჰქონდა", პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ შენობის დანგრევის რისკი არ არსებობს:
„არა, მდგრადობაზე არაა საუბარი, ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობდა, რაც შეეხება მდგრადობას, ამასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, მდგრადობის კუთხით არ არის პრობლემები, ინფრასტრუქტურული პრობლემებია სხვადასხვა კუთხით, მაგრამ ეს შენობის მდგრადობას არ უკავშირდება, შენობის დანგრევის რისკი არ არსებობს, სხვა ტიპის, ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რაზეც უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში უნდა ვიზრუნოთ, ვიდრე ახალი შენობის მშენებლობა არ დასრულდება“.
მან ასევე ისაუბრა ტერიტორიის პრივატიზებაზეც.
„საუბარია შესაბამისი ტერიტორიის პრივატიზებაზე, თუ როგორ განხორციელდება უშუალოდ, რა ფორმით, ეს იქნება კონკრეტულ პირობებზე დამოკიდებული. საავადმყოფოს შენობა ძალიან ძვირი ჯდება, სახელმწიფოს ინტერესებშია, კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას, სწორედ ამის გამო იმიჯნება მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია რესპუბლიკური საავადმყოფო, მიწის ნაკვეთი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის, რომ კერძო სექტორი საავადმყოფოს მშენებლობაში შეგვეხიდოს, რათა ჭარბი ტვირთი არ დაწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს. ვერ გეტყვით, რა საინვესტიციო პროექტი შეიძლება განხორციელდეს, მე გპირდებით, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური ვარიანტი იქნება შეთავაზებული ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, მაქსიმალურად რაციონალურად დაიტვირთება ის სივრცე, რომელზეც საუბარი გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე განმარტებით, დაახლოებით, 3 წელში, მშენებლობა დასრულებული იქნება.
„პირველადი გეგმით, დემონტაჟის პროექტირებასა და დემონტაჟს, დაახლოებით, ერთი წელი ჭირდებოდა, შემდეგ შენობის პროექტის პროექტირებას და მშენებლობას ჭირდებოდა დაახლოებით, 3 წელი. პირველი ერთი წელი დაიზოგება იქიდან გამომდინარე, რომ დემონტაჟი აღარ იქნება საჭირო, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით, 3 წლის თავზე იქნება შესაძლებელი მშენებლობის დასრულება, ანუ 3-წლიანი გეგმა გვექნება შეთავაზებული“, - განაცხადა კობახიძემ.
მანამდე, პრემიერმა აღნიშნა, რომ გაჩერდებარეორგანიზაციის პროცესი და უახლოეს თვეების განმავლობაში მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს ალტერნატიულ პროექტზე:
"ალტერნატიული ვარიანტი შემოგვთავაზეს ექიმებმა, რაც გულისხმობდა იმას, რომ უკანა ტერიტორიაზე შეიძლებოდა საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორიის გამოყენება მოგვიანებით საინვესტიციო მიზნებისთვის. ეს შემოთავაზება შეესაბამება იმ გეგმას, რომელიც თავის დროზე, თუ არ ვცდები, 2007 წელს. თავის დროზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი ახალი შენობის მშენებლობა. შემდეგ ასევე პოლიტიკური მიზეზების გამო, პროცესების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ეს პროექტი ვეღარ განხორციელდა. სწორედ უკანა ტერიტორიაზე იგეგმებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა. ჩვენ ვიმუშავებთ სწორედ ასეთ პროექტზე, კიდევ ერთხელ წარიმართება საპროექტო სამუშაოები, დაიგეგმება შესაბამისი პროცესი და მომზადდება წინადადებები სწორედ ამ მიმართულებით, რომ უკანა ტერიტორიაზე განხორციელდეს საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორია გამოყენებული იქნას საინვესტიციო მიზნებისთვის, რაც ზუსტად შეესაბამება იმ შემოთავაზებას, რომელიც ჰქონდათ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ექიმების და პერსონალის მიერ განცხადებების დაწერას, რეორგანიზაციას. ჩვენ მოვამზადებთ უახლოესი თვეების განმავლობაში წინადადებებს და ამის შემდეგ განისაზღვრება ის, თუ როგორ გაგრძელდება პროცესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.