Accentnews.ge
რა შედეგით დასრულდა რესპუბლიკურის ექიმებისა და პრემიერის შეხვედრა

რა შედეგით დასრულდა რესპუბლიკურის ექიმებისა და პრემიერის შეხვედრა

23/02/2024 17:34:09 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ კობახიძესთან მორიგი შეხვედრა ხვალ გაიმართება.

"შეთანხმებას მივაღწიეთ ხვალინდელ შეხვედრაზე. ხვალ გაიმართება მეორე შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრა იყო პროდუქტიული. მოვახსენეთ ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელიც ჩვენთვის მტკივნეული იყო, ვუთხარით, რაც გვაწუხებდა. აბსოლუტურად დაუფარავად მოვახსენეთ ყველაფერი, რისი თქმაც გვინდოდა და რა არგუმენტებიც გვქონდა. ძალიან კმაყოფილი ვართ, რადგან პრემიერ-მინისტრმა პირველი პირისგან გაიგო იმის შესახებ, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მის თანამშრომლებს აწუხებს და რის გამოც ერთი თვის განმავლობაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობდა კლინიკაში. დაგვისვა კითხვები, რაც მისთვის საინტერესო იყო. მაგალითად, იკითხა ერთი საწოლის ღირებულება, რამდენ საწოლზე უნდა იყოს კლინიკა და ასე შემდეგ", – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა ნინო ოთარიშვილმა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პრემიერმა გამოთქვა სურვილი, რომ ხვალ 16:00 საათზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართოს, რომელსაც, სავარაუდოდ, ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრება.

„ყველაზე მთავარი და ცენტრალური მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა არგუმენტები აქვს ერთსა და მეორე მხარეს. ჩვენ ყველა არგუმენტი დეტალურად გავიარეთ, გვქონდა კითხვებიც. ყველა საკითხთან დაკავშირებით, ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მივიღეთ. პრემიერ-მინისტრმაც, არგუმენტების სახით, ყველაფერი მოისმინა. ვიფიქრეთ, რომ ჩვენ დღეს საბოლოო გადაწყვეტილებისკენ არ წავსულიყავით. პრემიერმა გამოთქვა სურვილი, რომ ხვალ კიდევ ერთხელ შევხვდეთ და მეორე მხარის ინფორმაციაც მოვისმინოთ, ამიტომ ხვალ, 4 საათზე გაიმართება შეხვედრა, რომელსაც, სავარაუდოდ, ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრება. ამ შეხვედრის შემდეგ, ჩვენ უკვე შეგვიძლია რაიმე გადაწყვეტილებისკენ წავიდეთ. უნდა ჩავთვალოთ, რომ დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, რადგან ამდენი ინფორმაცია მივიღეთ. ყველაფრის შეჯერების საფუძველზე, რაციონალური გადაწყვეტილებისკენ ვივლით. ერთია პროტესტი, რომლის უფლებაც, რა თქმა უნდა, აქვთ, მაგრამ მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების საფუძველი არ არსებობს. ამას თვითონაც აღნიშნავენ და დიდი მადლობა ექიმებს ამ სწორი დამოკიდებულებისთვის. საბოლოოდ, გადაწყვეტილების მიზეზი არა პროტესტი, არამედ არგუმენტების სიმყარე იქნება. გადაწყვეტილებას მივიღებთ სახელმწიფოს სასარგებლოდ და ასევე იმისთვის, რომ ექიმებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, მათი ღვაწლი დავუფასოთ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები უკვე ერთ თვეა, აპროტესტებენ კლინიკის რეორგანიზაციას. მედიკოსების მოთხოვნაა დემონტაჟის ნაცვლად, მთავარი რეფერალური ჰოსპიტალის რეაბილიტაცია და მისი პირვანდელი სახის შენარჩუნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S