
უკრაინელმა მღვდელმა რუსულ ტყვეობას თავი დააღწია და საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა
23/02/2024 09:30:10 საზოგადოება
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის სასულიერო პირი, მარიუპოლის მახლობლად მდებარე სოფელ კამენკას ამაღლების ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ხრიმლი) უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოში გააძევეს, – იტყობინება "მართლმადიდებლური უკრაინა".
ინფორმაცია გამოცემასთან დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმა სერგიუსმა დაადასტურა:
„შემატყობინეს, რომ მან უკვე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. მალდობა ღმერთს და მადლობა უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარს - ეს მისი მუშაობის წყალობით მოხდა“.
მღვდელი დააკავეს 2023 წლის სექტემბერში და დაადანაშაულეს „უკრაინის მთავრობისა და შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერაში ანტირუსული, ექსტრემისტული ფორმით და ასევე ეროვნულ და რელიგიურ საფუძველზე სიძულვილისა და მტრობის გაღვივებაში“. შემდეგ გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქში.
თბილისში, მათ შორის უკრაინის საელჩოში, ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი არქიმანდრიტ ქრისტეფორეს მიერ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადაკვეთის შესახებ.