რუსეთში სომხეთის თხოვნით დაკავებული ფიტნესის აზერბაიჯანელი მწვრთნელი გაათავისუფლეს
21/02/2024 19:17:27 მსოფლიო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა გაათავისუფლა ფიტნესის აზერბაჯანელი მწვრთნელი კამილ ზეინალი, რომელიც მოსკოვის აეროპორტში სომხეთის თხოვნით რამდენიმე საათით ადრე დააკავეს.
როგორც სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–მდივანმა ნარეკ სარქისიანმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, ზეინალი სომხეთში მკვლელობაშია ბრალდებული.
"რადიო თავისუფლების" სომხური სამსახური წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზეინალი ეჭვმიტანილია 2020 წელს ორი ადამიანის მკვლელობაში ყარაბაღში.
ცნობისთვის: აზერბაიჯანმა ყარაბაღზე კონტროლი 2023 წლის სექტემბერში დაიბრუნა.


