
სასამართლომ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი 5000–ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა
21/02/2024 15:35:20 სამართალი
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი 5000–ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შსს-ს თანამშრომელს პატიმრობა არ შეუფარდა. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა და იმ გარემოებებზე საუბრობდა, რის გამოც აუცილებელი იყო პატიმრობა, რადგან ბრალდებულს შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა.
სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, რომელიც წაყენებულ ბრალს არ იზიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ასევე იგი აცხადებდა, რომ კონფლიქტი ოჯახში, გარეშე პირების ჩარევით ხდებოდა.
დღეს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, უწყებამ ოჯახური ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.
მისი ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) და 11 პრიმა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.