Accentnews.ge
ბორელის სამი გზავნილი საქართველოს

ბორელის სამი გზავნილი საქართველოს

20/02/2024 13:47:04 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს სამი გზავნილით მიმართა. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

"მოგესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი აქ, ბრიუსელში. ეს თქვენი პირველი ვიზიტია ამ რანგში. თქვენ ბრიუსელში ჩამობრძანდით და ეს იმის ნიშანია, რომ ევროპული გზა ძალიან სერიოზულად აირჩია საქართველომ. ეს არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით პირველი ვიზიტი. ჩვენ გადავედით ახალ სტრატეგიულ ეტაპზე ჩვენს ურთიერთობებში. ეს საუბარი, რაც ჩვენ გვქონდა ასოცირების საბჭოს ფარგლებში, ხაზს უსვამს იმას, რომ ერთობლივად გვაქვს ნაკისრი ვალდებულება იმ უცვლელი გზის მიმართ, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცაღა საქმე იწყება ახლა, თქვენს შემთხვევაში და ეს საჭიროებს ახალ ძალისხმევას, გაძლიერებულ პასუხისმგებლობას მთავრობის მხრიდან, პოზიციას, რომელიც ყველას მხრიდან იქნება გასათვალისწინებელი. ყველა პირი, ყველა ქართველი, ყველა სექტორი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში.

ნება მომეცით სამი გზავნილი გადმოგცეთ.

პირველი – რეფორმების განხორციელება უნდა დააჩქაროთ, მათ შორის მათი, რომლებიც ასოცირების შეთანხმებაშია ნახსენები, რათა ჩვენი, ევროკომისიის რეკომენდაციების 9 ნაბიჯი დააკმაყოფილოთ. ამისთვის ძალიან ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება გყავთ და, როგორც ვთქვი, მნიშვნელოვანია პროცესში ყველა იყოს ჩართული. ეს მოითხოვს გაბედულ ნაბიჯებს პოლიტიკური დაძაბულობის შესამცირებლად.

მეორე – ჩვენი კავშირი საერთო ღირებულებსა და პრინციპებს ეყრდნობა. ეს საფუძველი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვინაიდან ძალიან რთულ და სახიფათო გეოპოლიტიკურ კონტექსტში ვცხოვრობთ. მივესალმებით თქვენს ერთგულებას ევროკავშირში წევრობისადმი. ვხედავთ, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებისადმი თანხვედრაში ზრდა გაქვთ, მცირე, მაგრამ ზრდა. მომავალ წლებში ამ თანხვედრაში მნიშვნელოვან ზრდას ველით. ასევე ვღელავთ [საქართველოში] ანტი-დასავლური დეზინფორმაციისა და რიტორიკის გავრცელებასთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ, ძალისხმევა გააორმაგოთ ინფორმაციის მანიპულაციებთან და საგარეო ჩარევასთან ბრძოლაში. ამას გაცილებით მეტი რაოდენობით ვნახავთ მომავალ ევროპულ არჩევნებში და, შესაძლოა, თქვენს არჩევნებში.

მესამე – ეს წელი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. წინა წინადადებას ვუკავშირებ თქვენი ელექტორალური პროცესის შესახებ. ელექტორალურ რეფორმებს მივესალმებით, რომლებიც აქამდე განახორციელეთ და მოგიწოდებთ ისინი დაასრულეთ მომავალ არჩევნებამდე, ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის რეკომენდაციების დაცვით, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის,” - განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერი ბრიუსელს სტუმრობს. დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-8 სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში კობახიძე შეხვედრას გამართავს NATO-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში.

ბრიუსელში პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრნენ და სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S