
გარემოს ეროვნული სააგენტო – ადიგენზე: ადგილი აქვს დროებით სტაბილიზაციაში მყოფი, ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას
20/02/2024 10:58:11 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მისი გეოლოგების ჯგუფი ადიგენის მუნიციპალიტეტში იმყოფება, სადაც ადგილი აქვს "დროებით სტაბილიზაციაში მყოფი, ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას".
სააგენტოს ცნობით, დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"გარდა ამისა, სააგენტოს სპეციალისტები მუნიციპალიტეტების მოთხოვნის საფუძველზე აგრძელებენ ქვეყნის მასშტაბით გააქტიურებული გეოლოგიური პროცესების შეფასებას. ამ ეტაპზე ჯგუფები იმყოფებიან სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში, კერძოდ ადიგენის, ბორჯომის, ხონისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.
სააგენტოს სპეციალისტების მიერ შეფასდება საცხოვრებელი და საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე, ინფრასტრუქტურული ობიექტები და შემდგომი დამცავი, საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.