
ჩუბინაშვილის ცენტრი: ტიმოთესუბნის სამუშაოები მიუღებელი მეთოდოლოგიითა და მასალებით ჩატარდა
19/02/2024 19:16:09 საზოგადოება
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა ტიმოთესუბნის ეკლესიაზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფასება მოამზადა.
ცენტრის შეფასებით, 2022-2023 წლებში ტიმოთესუბნის ეკლესიაზე ჩატარდა მასშტაბური ფიზიკური სამუშაოები ისტორიული შენობისათვის მიუღებელი მეთოდოლოგიითა და შეუსაბამო მასალების გამოყენებით.
"ტიმოთესუბნის ეკლესიაზე ჩატარებული სამუშაოები კიდევ ერთხელ აყენებს ძეგლთა დაცვის სისტემაში არსებული ვითარების ფართო პროფესიული განხილვისა და საფუძვლიანი კორექტირების აუცილებლობის საკითხს. უცნობია, რა მეთოდოლოგიური პრინციპებით ხელმძღვანელობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ხსენებული პროექტისა და სამუშაოების მხარდაჭერისას, როგორი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, რა არგუმენტები და მოსაზრებები გამოითქვა სააგენტოს მეთოდოლოგიურ საბჭოზე წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვისას. სისტემური საკითხების მიმართ სათანადო ყურადღებას დიდი მნიშვნელობა აქვს ტიმოთესუბნის ტაძრისთვის, რამდენადაც პროექტი ინტერიერში განსახორციელებელ სამუშაოებსაც ითვალისწინებს, რომლებიც მიდგომისა და მასალების თვალსაზრისით ფასადებზე უკვე გამოყენებულის იდენტურია და შესაბამისად რისკების შემცველი, პირველ რიგში - ტაძრის მოხატულობისთვის. უფრო ფართოდ, არსებული ვითარება უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს უძრავ ძეგლთა მომავლისთვის, ვინაიდან ქმნის წარსულის უნიკალური მემკვიდრეობის გამოუსწორებლად დამაზიანებელი მეთოდოლოგიური შეცდომების წინაპირობას", - ნათქვამია დოკუმენტში.