Accentnews.ge
ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

19/02/2024 15:52:51 სამართალი

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს თეა ბეგიაშვილს სასამართლომ 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ექთანი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში იყო ბრალდებული.

გამოძიების ვერსიით, „2021 წლის 11 აგვისტოს პაციენტი ახალი კორონავირუსის მკურნალობის მიზნით შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოთავსდა და მისი სამედიცინო ისტორია გაიხსნა.

პაციენტის მკურნალობის პროცესში, კლინიკის მორიგე ექიმების და ექთნების მიერ, ყოველდღიურად იწერებოდა სამედიცინო ისტორიის შემადგენელი დოკუმენტი - „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“, რომლებშიც უთითებდნენ ინფორმაციას პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების შესახებ (პაციენტის ვიტალური მონაცემების, მიწოდებული მედიკამენტების და მათი დოზების მითითებით). აღნიშნულ დოკუმენტს ხელმოწერით ადასტურებდნენ ექიმი და მორიგე ექთანი, რომლებმაც უშუალოდ ჩაატარეს სამედიცინო მანიპულაციები.

2021 წლის სექტემბერში, სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოდან - 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დათარიღებული „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“ არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი მორიგე ექთნების მიერ. ამავე პერიოდში, ბრალდებულმა ხსენებულ დოკუმენტზე, მორიგე ექთნების ნაცვლად თავად მოაწერა ხელი, რითაც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული. რეალურად მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა. გაყალბების შემდეგ აღნიშნული დოკუმენტები ბრალდებულმა სამედიცინო ისტორიაში მოათავსა".

გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა ელგუჯა ჩხაიძემ სასამართლოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ პროცესზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა.

„წარდგენილი ბრალდებისთვის მაქსიმალური სასჯელი სამი წლით თავისუფლების აღკვეთა იყო. მაქსიმუმს, რა თქმა უნდა, მოსამართლე არ გამოიყენებდა, ვინაიდან წარსულში რაიმე ნასამართლობა არ არის, რაიმე სხვა კრიმინალი ჩადენილი არ არის და ვფიქრობთ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყო, - თქვა ჩხაიძემ და დაამატა, - რაც შეეხება ახალ გარემოებებს, მან [ექთანმა] პროცესზე დაასახელა ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, რომელმაც დაავალა უშუალოდ... აქამდე მიცემულ ჩვენებაში არ ამბობდა. კიდევ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას... მართლაც დიდი დანაშაულია მომხდარი და ბევრ გულგრილობას ჰქონდა ადგილი აღნიშნული პაციენტის მიმართ".

ამავე საქმეზე ბრალდებულია „რესპუბლიკური საავადმყოფოს" თერაპიული განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი. გამოძიების ვერსიით, სწორედ, მისი უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი და მან არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი - პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა.

განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელის სასამართლო პროცესი 26 თებერვალსაა დანიშნული.

20 წლის ფეხბურთელი 2021 წლის 10 სექტემბერს, მკურნალობის დაწყებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. კლინიკაში ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 11 აგვისტოს კოვიდ-სასტუმროდან შეიყვანა.

გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა გენერალურ პროკურატურისგან გამოძიების დაწყება მოითხოვა. პარალელურად, საქმის მოკვლევის განცხადებით მან მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსაც.

მალე გენერალურმა პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, გაიოზ ჩარკვიანს კი დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. გაიოზ ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ მისი შვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არასათანადო მკურნალობას ემსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S