ნავალნის დედას არ უშვებენ მორგში, სადაც პოლიტიკოსის ცხედარი უნდა იყოს დასვენებული
19/02/2024 08:22:35 მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დედას და ადვოკატებს არ უშვებენ სალეხარდის მორგში, სადაც პოლიტიკოსის ცხედარი უნდა ინახებოდეს. ამის შესახებ ნავალნის თანაგუნდელმა კირა იარმიშმა განაცხადა.
"დილაადრიან მივიდნენ მორგში ალექსის დედა და ადვოკატები, მაგრამ შიგნით არ შეუშვეს. ერთ-ერთი ადვოკატი ფაქტობრივად, გააძევეს. კითხვაზე, იყო თუ არა ალექსის ცხედარი იქ, თანამშრომლებმა არ უპასუხეს", - დაწერა იარმიშმა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომიტეტმა დედას და ადვოკატებს განუცხადა, რომ "ნავალნის გარდაცვალების გამოძიება გახანგრძლივდა. რამდენი დრო დასჭირდება, უცნობია. სიკვდილის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის". "აგენსტვო" სასამართლო ექსპერტებზე მითითებით წერდა, რომ გარდაცვალების ცნობა უნდა გაიცეს გაკვეთიდან ერთი თვის განმავლობაში და რომ ცხედარს ახლობლებს არ გადასცემენ, თუ გაკვეთის დროს საშიში დაავადებები აღმოაჩენენ: ჭირი ან ქოლერა.
მანამდე "მედიაზონამ" კამერების საშუალებით აღმოაჩინა საპატრულო მანქანების კოლონა და სასჯელაღსრულების მიკროავტობუსი, რომელსაც შეეძლო ალექსეი ნავალნის ცხედარის სალეხარდში გადასვენება 17 თებერვლის ღამით.
ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ვერსიით, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა 16 თებერვალს ნაშუადღევს, "სეირნობის შემდეგ". ოჯახს ცხედარი ჯერ კიდევ არ უნახავს. კოლონიაში უთხრეს, რომ ცხედარი სალეხარდის მორგში გადაასვენეს - მორგში განაცხადეს, რომ ცხედარი მათთან არ არის.
„ნოვაია გაზეტა ევროპა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ნავალნის სხეულზე კრუნჩხვისთვის დამახასიათებელი სისხლჩაქცევები აღმოაჩინეს.
„ასეთი დაზიანებები ხდება კრუნჩხვის დროს, როდესაც ადამიანს კრუნჩხვა აქვს, ცდილობენ შეკავებას - სისხლჩაქცევაც ამ დროს შეიძლება გაჩენილიყო", – აცხადებს ექიმი.
მისი ინფორმაციით, მისმა კოლეგებმა ნავალნის მკერდზე სავარაუდოდ, გულის მასაჟის კვალიც ნახეს:
"ანუ მაინც სცადეს მისი გადარჩენა, თუმცა ვერ შეძლეს. ის გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის გაჩერებით, მაგრამ რატომ მოხდა ეს გაჩერება, ჯერ არავინ არაფერს ამბობს".


