სალომე ზურაბიშვილი: რუსეთი ერთად უნდა შევაჩეროთ!
18/02/2024 10:28:20 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობა დღეს საქართველოს უმთავრესი საჭიროება, უსაფრთხოება და ერთადერთი პერსპექტივაც ქვეყნისთვის, რომელიც მუდამ იზიარებდა ევროპულ ღირებულებებს.
თუმცა, პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოებაა, რასაც ევროკავშირიც უნდა გრძნობდეს.
„წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა ომი უკრაინაში დღეს, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის წევრები რომ არ იყვნენ? წინა გაფართოებამ ევროკავშირისთვის უსაფრთხოება უზრუნველყო და მომავალი გაფართოებაც, ჩვენი მონაწილეობით, იქნება დამატებით უსაფრთხოება ევროკავშირისთვის და ჩვენთვისაც. ეს არის სოლიდარობა და საერთო ღირებულებები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველომ პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს, რაზეც „საკმარისად არ ვლაპარაკობთ“, რუსეთი კი აგრძელებს იმ გეგმის შესრულებას, რაც მიზანდ დაისახა 2007 წელს, რომ დასავლეთს არ მისცემდა შავ ზღვასთან მიახლოების შესაძლებლობას:
„რა მოხდა 2007 წლის შემდეგ ყველამ ვნახეთ: 2008 წელს - საქართველო, შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძული, შემდეგ ომი უკრაინაში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ორმხრივი ინტერესია, ერთად შევაჩეროთ რუსეთი, რომ ის შავ ზღვაზე ერთადერთ ძალად არ იქცეს. ეს მნიშვნელოვანია მომავლისთვის და კომუნიკაციებისთვის, რომელთა მნიშვნელობა მომდევნო წლებში გაიზრდება, ასევე ტრანსპორტის და ენერგოუსაფრთხოებისთვის. ასე რომ, ჩვენ ამის პრევენცია უნდა მოვახდინოთ“.
მიუნხენის უსაფრთოების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში სახელწოდებით „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“. პანელში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მრჩეველთა საბჭოს წევრი რადოსლავ სიკორსკი და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი, დიპლომატიური მრჩეველი ემანუელ ბონი.
პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროკავშირის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია თავად ევროკავშირისთვის.


