დანიის პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ
18/02/2024 06:31:46 მსოფლიო
დანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი თავისი არტილერია უკრაინას გადასცეს, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენში განაცხადა, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს.
"ევროპელი ლიდერები ხშირად საუბრობენ იარაღის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და აცხადებენ, რომ ეს არის მიზეზი, რომელიც უკრაინისთვის დახმარების მიწოდების გაზრდის საშუალებას არ იძლევა. ახლა ისინი ხსნიან ახალ საწარმოებს, მაგრამ უკრაინა ჩვენგან საბრძოლო მასალას და არტილერიას ახლა ითხოვს. გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ. ამიტომ, მაპატიეთ, მეგობრებო, ევროპაში არის სამხედრო ტექნიკა, ეს არ არის მხოლოდ წარმოების საკითხი. ჩვენ გვაქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ჯერ არ ვიყენებთ, ისინი უკრაინას უნდა გადავცეთ“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.
ცნობისთვის: მანამდე, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინას უფრო მეტი F-16 ტიპის მოერიშეები მიაწოდონ, ვიდრე ამას აქამდე არსებული დაპირება ითვალისწინებდა.
გარდა ამისა, ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ქვეყანამ იპოვა წყაროები საზღვარგარეთ ასობით ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის, რომლის უკრაინისთვის გადაცემა რამდენიმე კვირაში შეეძლო. საუბარია ნახევარ მილიონ 155 მმ კალიბრის საბრძოლო მასალაზე და 300 000 ერთეულ 122 მმ კალიბრის საბრძოლო მასალაზე.


