შოლცმა და ზელენსკიმ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
16/02/2024 15:53:15 მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლისთვის უკრაინა შვიდ 7 მილიარდ ევროზე მეტ დახმარებას მიიღებს. ეს თანხები რუსეთთან ბრძოლაში მყოფი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას მოხმარდება. უკრაინული მხარის ცნობით, გერმანელ მწარმოებლებთან შესაბამისი კონტრაქტები უკვე დადებულია.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, შეთანხმებაში გერმანია ადასტურებს თავის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების, საერთაშორისო ტრიბუნალის შესაძლებლობისა და გერმანიაში რუსული აქტივების გაყინვის შესახებ. მომავალში რუსეთის აგრესიის საკითხებზე დოკუმენტი საგანგებო კონსულტაციების მექანიზმს ითვალისწინებს.
ზელენსკი გერმანიის შემდეგ საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად საფრანგეთსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის შესახებ ახალ შეთანხმებას მოაწერს ხელს.
მანამდე ზელენსკი მიუნხენის კონფერენციის მონაწილეებს მიმართავს სიტყვით.


