Accentnews.ge
„პუტინმა პასუხი უნდა აგოს!“ – იულია ნავალნიმ მიუნხენის კონფერენციის მონაწილეებს მიმართა

„პუტინმა პასუხი უნდა აგოს!“ – იულია ნავალნიმ მიუნხენის კონფერენციის მონაწილეებს მიმართა

16/02/2024 14:43:34 მსოფლიო

იულია ნავალნიმ მიუნხენის კონფერენციის მონაწილეებს მოკლე სიტყვით მიმართა. გამოსვლის ფონია მის მეუღლის, რუსი ოპოზიცონერის ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვის შესახებ ცნობები.

„დიდხანს ვფიქრობდი, უნდა გამოვსულიყავი თუ არა აქ თუ სასწრაფოდ გავფრენილიყავი ჩემს შვილებთან. მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, რას გააკეთებდა ალექსეი ჩემს ადგილზე. ის აუცილებლად იქნებოდა ამ სცენაზე. არ ვიცი, დავუჯერო თუ არა იმ საშინელ ამბებს, რომელთაც მხოლოდ სახელმწიფო წყაროებიდან ვიღებთ რუსეთიდან, რადგან წლების განმავლობაში ჩვენ არ შეგვიძლია დავუჯეროთ პუტინს და მის ხელისუფლებას, ის მუდმივად ტყუის. მაგრამ თუ ეს მართალია, მინდა, პუტინმა, მისმა გარემოცვამ იცოდნენ, პასუხს აგებენ იმაზე, რაც დამართეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახს, ჩემს ქმარს. და ეს დღე დადგება მალე“.

მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, „გავერთიანდეთ და ერთად გავიმარჯვოთ ამ ბოროტებაზე. პუტინმა და ამ რეჟიმმა პერსონალური პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ იმ საშინელებებზე, რაც ჩაიდინეს“.

მას დამსწრე საზოგადოება ტაშით შეხვდა.

რუსეთის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ოფისის ვებ–გვერდზე 47 წლის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გამოქვეყნდა ცნობა.

„2024 წლის 16 თებერვალს, No3 გამოსასწორებელ კოლონიაში, მსჯავრდებულმა ა.ა. ნავალნიმ სიარულის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, თითქმის მაშინვე დაკარგა გონება“, - ნათქვამია მოხსენებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაწესებულების სამედიცინო მუშაკები სასწრაფოდ მივიდნენ ადგილზე და „სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს“.

„განხორციელდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს. გარდაცვალების მიზეზები დგინდება“, - ნათქვამია ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებაში.

ალექსეი ნავალნის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა განუცხადა Novaya Gazeta-ს, რომ მან ოთხშაბათს მოინახულა ნავალნი კოლონიაში და "მაშინ ყველაფერი კარგად იყო“.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია. ”არსებობს გარკვეული წესები, რომლითაც ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ახლა ხელმძღვანელობს”, - თქვა პესკოვმა.

პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ინფორმირებულია.

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ნავალნი სადამსჯელო იზოლატორში 27–ედ გადაიყვანეს, ამჯერად 7 დღით. სადამსჯელო იზოლატორის საკნის პირობები განსაკუთრებით მკაცრია: პატიმრებს არ აძლევენ თეთრეულს, ეკრძალებათ შეხვედრა ახლობლებთან, სატელეფონო საუბრები, ამანათების მიღება გარედან, სეირნობა და სურსათის შეძენა მაღაზიაში.

2023 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა, როცა დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული ჯგუფის დაარსებაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებასა და მის დაფინანსებაში. პოლიტიკოსი თავს დამნაშავედ არ ცნობს, ბევრი სამართალდამცავი ორგანიზაცია მას პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S