Accentnews.ge
ომბუდსმენის აპარატი: სახალხო დამცველი მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას მიესალმება

ომბუდსმენის აპარატი: სახალხო დამცველი მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას მიესალმება

15/02/2024 08:24:16 საზოგადოება

სახალხო დამცველი გიორგი მამალაძის გათავისუფლების ფაქტს დადებითად აფასებს. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მისი ცნობით, ომბუდსმენმა იუსტიციის მინისტრს დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებული რეკომენდაციით რამდენჯერმე მიმართა:

„დაახლოებით 3 თვის წინ, სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლის ან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭომ 2024 წლის 14 თებერვალს დაასრულა საკითხის განხილვა და გიორგი მამალაძე გათავისუფლდა.

სახალხო დამცველის რეკომენდაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე პირობით ვადამდე გათავისუფლების სხვა კრიტერიუმებს. სახალხო დამცველი მოუწოდებდა საბჭოს სრულყოფილად შეესწავლათ გიორგი მამალაძის მდგომარეობა და ჯეროვანი ყურადღება გამახვილებულიყო რეკომენდაციაში მითითებულ ყველა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წელს, სახალხო დამცველმა, მოწვეული სამედიცინო ექსპერტების დასკვნების საფუძველზე, რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის მინისტრს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის თაობაზე. შემდეგ პერიოდშიც გრძელდებოდა საქმის შესწავლა და სახალხო დამცველის 2020-2022 წლების ანგარიშებში მუდმივად იყო საუბარი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე და ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, რომ ის ვერ იღებდა სათანადო სამედიცინო მომსახურებას სრულყოფილად.

საბოლოოდ, 2023 წლის 30 ოქტომბერს, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით იუსტიციის მინისტრს მიმართა. სახალხო დამცველი მიესალმება მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას".

ცნობისთვის: გიორგი მამალაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე ადრე 14 თებერვლის საღამოს გათავისუფლდა. მას სასჯელის სრულად მოხდისთვის 1 წელი და 9 თვე რჩებოდა. დაცვის მხარემ საბჭოს საქმის განხილვისთვის 2023 წლის ნოემბერში მიმართა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. „ციანიდის საქმეში“ მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

ოჯახის ინფორმაციით, დეკანოზს პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურები და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.

2022 წლის ნოემბერში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. სასამართლო განიხილავდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) პუნქტების შესაძლო დარღვევის საკითხს.

სასამართლომ დაადგინა:

არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოყენების ნაწილში, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ დაირღვა სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო;

სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი (უდანაშაულობის პრეზუმფცია);

სასამართლოს დავალებით, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მამალაძეს 9418 ლარი. ასევე, ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დეკანოზ მამალაძეს დაეკისროს ხარჯის სახით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S