გეოგრაფიის ორი ეფექტი: რატომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მიუნხენის პლატფორმა

14-02-2024 18:03:13

16-18 თებერვალს მიუნხენი უსაფრთხოების მასშტაბურ კონფერენციას უმასპინძლებს, რომელიც სადღეისოდ წამყვანი პლატფორმაა საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის განსახილველად და მასში მსოფლიო ლიდერები ყოველწლიურად მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებისთვის. ცნობილია, რომ წელს ფორუმზე საქართველო პრეზიდენტის (მთავრობის ნებართვის გარეშე) და საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იქნება წარმოდგენილი, ხოლო ირაკლი კობახიძე, როგორც განიმარტა, თავის პირველ საგარეო ვიზიტს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში – ბრიუსელში გეგმავს, თუმცა არსებობს სხვა საფუძვლიანი ეჭვებიც. საქმე იმაშია, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში, რომელიც საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ყოველწლიურად მზადდება, მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული, რაც პროცესზე დამკვირვებლების მხრიდან მნიშვნელოვან გზავნილად ფასდება, მმართველი გუნდი კი აღნიშნულს ტრადიციულად ოპონენტებს უკავშირებს.

„ძალიან მაღალი წარმოდგენის უნდა იყო ოპოზიციაზე, რომ დააბრალო, თითქოს შეუძლიათ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ანგარიშში მსგავსი ჩანაწერის ადვოკატირება“,– ამბობს „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, ექს-დეპუტატი, საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, "პროგრესული ფორუმის" თავმჯდომარე დიმიტრი ცქიტიშვილი და იხსენებს, რომ „ეს განცდა“ მიუხედავად 2011 წლიდან მოყოლებული (ჯერ იმჟამინდელი ხელისუფლების და შემდეგ ოპოზიციის) აქტიური მცდელობისა, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში დამკვიდრდა, ხოლო დაამკვიდრა „ქართული ოცნების“ ნაბიჯებმა. ცქიტიშვილის ხედვით, ამგვარ ნაბიჯთა შორისაა:

  • რუსული კანონის მიღების მცდელობა;
  • ომში მყოფ უკრაინასთან დაპირისპირება;
  • ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთთან, როდესაც ყველა ცდილობს, რომ სახელმწიფო დონეზე გაწყვიტოს მასთან კავშირი და ამის ხარჯზე ეკონომიკური სირთულეების წინაშე დადგნენ, საქართველო კი ვითარებით სარგებლობს.

„ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ რუსეთთან თანამშრომლობისკენ არიან მიდრეკილნი, შესაბამისად, ყველაზე გავლენიანი, გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი პირი მოიაზრება პრორუსად“,–აჯამებს ცქიტიშვილი.

რაც შეეხება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, ის თვლის, რომ „კარგი შანსი იქნებოდა მთავრობის თავმჯდომარისთვის, თავისი პირველი საერთაშორისო აქტიურობა აქედან დაეწყო“ და რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

  • ბევრი პარტნიორის ერთად ნახვაა შესაძლებელი;
  • შენი უსაფრთხოების ძირითადი საკითხების წარმოჩენა თუ გსურს, ეს არის ერთ–ერთი მთავარი პლატფორმა მსოფლიოში – „ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ნატოს სამიტი შეიძლება, იყოს, სადაც შესაძლოა, ერთ–ერთი სტუმრის სტატუსით მიგვიწვიონ, რადგან წევრი ქვეყანა არ ვართ“.

„ამიტომაც, ასეთი შანსების ხელიდან გაშვება სწორი არაა. ახლო აღმოსავლეთი და უკრაინა იქნება მიუნხენის კონფერენციის ფოკუსში, შესაბამისად, ჩვენი იქ ყოფნა, აუცილებელია და რაც უფრო მაღალი რანგის იქნება მონაწილე, მით უფრო მნიშვნელოვანია“,– დასძენს ცქიტიშვილი.

ის არ აკნინებს პრეზიდენტის „ხმას“, თუმცა ხაზს უსვამს, რომ საქართველოს შემთხვევაში სწორედ პრემიერია თანამდებობრივი უფლებამოსილების კუთხით მთავარი ფიგურა, რომელიც განსაზღვრავს, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხებს.

ამდენად, მისი ხედვით, ძალიან არასწორია უკმაყოფილების მსგავსი ფორმით დემონსტრირება თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ კონფერენციის ანგარიშში ნეგატიურ კონტექსტშია მოხსენიებული საქართველოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე:

„თუ ოცნება თანხმდება, რომ ანგარიშში ჩაწერილი გზავნილი არასწორია, მისი გაქარწყლება შეიძლება ფორუმში მონაწილეობით, სწორი გზავნილების გაჟღერებით და არა ბოიკოტირებით ან დემარშით“.

არადა ოკუპირებული ქვეყნის პრემიერ–მინისტრს უსაფრთხოების საკითხებზე ბევრი რამ უნდა ჰქონდეს სათქმელი: რამდენადაც ხელსაყრელია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, იმდენად იქცევს საფრთხეების ყურადღებასაც:

  • „ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია;
  • მუდმივი რეგიონალური და გლობალური საფრთხეების წინაშე ვართ: რეგიონში არაა სტაბილური ვითარება ოკუპაციის გამო და სომხურ–აზერბაიჯანული კონფლიქტი პერიოდულად მწვავდება;
  • უკრაინაში მიმდინარე ომი ამწვავებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფეთქებადსაშიშ მდგომარეობას – როდის წამოიწყებს რუსეთი ახალ ავანტიურას, არ ვიცით;
  • ახლო აღმოსავლეთთან ჩვენი გეოგრაფიული სიახლოვე ასევე გამოწვევაა“,– მიუთითებს ცქიტიშვილი და ასკვნის, რომ ჩვენთვის ასეთი მძიმე სიტუაცია უსაფრთხოების კუთხით მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდის შემდეგ არ ყოფილა. შესაბამისად, ეს მოცემულობა აყალიბებს ჩვენი უსაფრთხოების ძალიან ფართო, რთულ, კომპლექსურ დღის წესრიგს და მხოლოდ ადგილზე ეკონომიკურ წარმატებებზე საუბარი არაა მართებული – ძალიან რთული გამოწვევებია და ამ გამოწვევებს მზაობა სჭირდება:

„ვიღაცისთვის გადაბრალება, რომ ადვოკატირებით მოხდა არასწორი შეფასება [ბიძინა ივანიშვილის რუს ოლიგარქად მოხსენიება – რედ.], არ არის საკმარისი არგუმენტი ამ ფორმატის გამოუყენებლობის. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს ყველა ლიდერი (ან მათი წარმომადგენლები) და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. მათთან საუბარი და უსაფრთხოების გამოწვევების ძალიან ფართო კონტექსტში ხსენება, დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“.

ცქიტიშვილი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ჰყავს პარტნიორი სახელმწიფოები (მიუხედავად იმისა, მათ მოსწონთ თუ არა მოქმედი პოლიტიკური მმართველობა), მაგრამ მათთან დღის წესრიგის ჩამოყალიბება ყოველთვის საჭიროა: პარტნიორები გამოწვევებს აღიქვამენ საკუთარი პერსპექტივიდან და ინტენსიური მუშაობაა საჭირო, რომ ამ პერსპექტივაში საქართველოს საკითხი გააქტიურდეს და კომპლექსური პრობლემების არსებობის პირობებში, ქვეყანა ყურადღების მიღმა არ დარჩეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები