
ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი აეროპორტში დააბრუნეს
14/02/2024 09:46:22 საზოგადოება
ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს. აეროპორტიდან Wizz Air-ის ბორტი 12:45 საათზე აფრინდა, – იუწყება "რადიო თავისუფლება"
"ამ რეისით მგზავრობდა რადიო თავისუფლების ერთ-ერთი ჟურნალისტი. როგორც ის ადგილიდან იუწყება, ბორტის წევრებმა მგზავრებს თვითმფრინავის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს და არ მისცეს ბარგის ჩატანის უფლება", – იტყობინება გამოცემა.
მისი ცნობით, მგზავრებმა არ იციან, რა მიზეზით დააბრუნეს თვითმფრინავი აეროპორტში.
მალევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ავიაკომპანია Wizz Air-ზე დაყრდნობით გაავრცელა განცხადება და განმარტა, რის გამოც ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი აეროპორტში დაბრუნდა.
"მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ", - ნათქვამია განცხადებაში.