
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: "ჩემთვის აპრიორი არის სიმართლის მხარეს დგომა"
13/02/2024 18:41:32 საზოგადოება
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ეხმიანება სინოდალური კომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ მისთვის "აპრიორი არის სიმართლის მხარეს დგომა".
"პრობლემა არის ზუსტად ის, რომ მე რატომ უნდა მქონდეს შიში განსხვავებული აზრის. შეიძლება, ის მცდარი იყოს, მაგრამ მე ჩემი პოზიცია აუცილებლად უნდა დავაფიქსირო. თუკი მე ყოველთვის დავისტრესე, დავმძიმდი, დავითრგუნე იმის გამო, რომ ჩემი ერთი კონკრეტული განცხადების, იმის გამო, ამის გამო შეიძლება, ვიღაცის გულისწყრომა გამოვიწვიო, ვიღაცის სუბიექტურ შეხედულებას ეს არ ეთანხმებოდეს... მოდი იქით დაგისვამ კითხვას და მიპასუხე, ასე შეიძლება, ადამიანი თანამშრომლობდეს რომელიმე მხარესთან?... ჩემთვის აპრიორი საერთოდ არ არის სასულიერო პირობა. პირდაპირ გეუბნებით, ჩემთვის აპრიორი არის სიმართლის მხარეს დგომა. ჩემი არც ერთი აზრი თუ შეხედულება, რაც მე დავაფიქსირე და რასაც ვიტყვი მომავალშიც წინააღმდეგობაში არ მოდის ქრისტესთან", - განაცხადა მამა პეტრე კვარაცხელიამ "მთავარ არხთან" საუბრისას.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ.