აშშ-ის სენატმა უკრაინის ფინანსური დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
13/02/2024 13:05:50 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საბოლოოდ დაამტკიცა პაკეტი უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ.
კონგრესის ზედა პალატის წევრებმა დოკუმენტი 70 ხმით დაამტკიცეს, 29-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. მათ შორის სადავო კანონპროექტს მხარი დაუჭირა 22 რესპუბლიკელმა.
კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახმარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს, წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატა არ მიიღებს. კანონპროექტმა რამდენიმე პროცედურული დაბრკოლება გადალახა.
ამერიკელმა სენატორებმა ჯერ „დემოკრატი“ სენატორის პეტი მიურეის შესწორებას, შემდეგ კი კანონპროექტის განახლებული ტექსტის შესახებ დებატების დასრულებას დაუჭირეს მხარი.
კანონპროექტი აშშ-ის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების ნაწილს აღარ შეიცავს, მას შემდეგ რაც თავდაპირველი კანონპროექტი „რესპუბლიკელებმა“ დაბლოკეს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა აშშ-ის სენატში გამართულ კენჭისყრას.
„ამერიკული დახმარება აახლოებს სამართლიან მშვიდობას უკრაინაში და აღადგენს გლობალურ სტაბილურობას, რაც გამოიწვევს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაზრდას ყველა ამერიკელისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის“, - წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, აშშ-ის დახმარება უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს.
„ჩვენ, უკრაინაში, აშშ-ის მუდმივი დახმარება გვეხმარება რუსული ტერორისგან ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქალაქებში სიცოცხლე გაგრძელდება და ომზე გაიმარჯვებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.


