რუსეთის საელჩომ გერმანიაში მისიის შენობასთან საპროტესტო აქციების აკრძალვა მოითხოვა
13/02/2024 10:05:01 მსოფლიო
რუსეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ გერმანიაში ქვეყნის ხელისუფლებას სთხოვა, აკრძალოს საელჩოსთან აქციები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, განაცხადა რუსეთის ელჩმა გერმანიაში სერგეი ნეჩაევმა.
„ვიცით, რომ მზადდება ანტირუსული აქციები. გერმანიის ხელისუფლებასთან უსაფრთხოების ყოვლისმომცველი ზომების მიღების საკითხი დავაყენეთ. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ დიპლომატიური მისიების სიახლოვეს მასობრივი აქციების გამართვის აკრძალვას, რათა თავიდან ავიცილოთ შეტაკებები და ამომრჩევლებზე ზეწოლა“, - თქვა ნეჩაევმა.
მისი თქმით, არჩევნების დღეს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დიპლომატიური მისია გეგმავს, კერძო დაცვის კომპანიების მიზიდვას და შესასვლელებთან კონტროლის მნიშვნელოვნად გაძლიერებას.
რუსეთის ელჩმა ასევე დაიჩივლა, რომ წლევანდელი არჩევნების ორგანიზება გართულებულია არა მხოლოდ „გერმანიაში ანტირუსული განწყობების სტიმულირებით“, არამედ გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დახუროს რუსეთის ხუთი გენერალური საკონსულოდან ოთხი (ჰამბურგში, ლაიფციგში, მიუნხენში და ფრანკფურტში). „რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს საარჩევნო უბნების რაოდენობის შემცირებას და გაართულებს ხმის მიცემის პროცესს რუსეთის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით გერმანიის შორეულ რეგიონებში მცხოვრებთათვის“, - დასძინა ნეჩაევმა.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის მარტშია დაგეგმილი.


