ორბანი: უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და NATO–ში მიღების შანსი 2008 წელს გაუშვეს ხელიდან
12/02/2024 08:40:17 მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინა არ უნდა მიიღონ ევროკავშირში ან ნატოში და უმჯობესია, დარჩეს "ბუფერულ ზონად" რუსეთსა და დანარჩენ ევროპას შორის, რომელსაც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების გარკვეული გარანტიებით. როგორც "ევროპეისკაია პრავდა" იუწყება, ამის შესახებ მან ავსტრიის ყოფილ კანცლერ ვოლფგანგ შუსელთან საუბრისას განაცხადა.
ორბანი თვლის, რომ უკრაინა რუსეთსა და დასავლეთს შორის „ბუფერულ ზონად“ უნდა იქცეს, რადგან მოსკოვი არასოდეს შეეგუება მის გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში.
"მოგწონთ თუ არა, უკრაინელებს მოსწონთ თუ არა, უკრაინა რუქაზე იქაა - სად არის. საუკეთესო პერსპექტივა არის ის, რომ ის იყოს "ბუფერული ზონა" რუსეთსა და დასავლეთს შორის - რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებით. თუ ეს არ დაეხმარება, უკრაინა დაკარგავს ტერიტორიებს. რუსეთი ისევ და ისევ დაანგრევს უკრაინას. რუსეთი არასოდეს, არასდროს შეეგუება საკუთარ საზღვრებთან ევროკავშირისა და ნატოს ისეთი წევრის გამოჩენას, როგორიც უკრაინაა“, - განაცხადა ორბანმა.
ამავდროულად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ 2008 წელს მართლაც იყო შესაძლებელი უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში მიღება, მაგრამ ეს შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული და მასთან ერთად „უკრაინის პერსპექტივები ევროკავშირსა და ნატოს მომავალი წევრობის“.
შუსელის შენიშვნის საპასუხოდ, რომ ახლა ცეცხლის შეწყვეტა რეალურად ნიშნავს უკრაინის დამარცხებას, ორბანმა თქვა, რომ შეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევხედავთ მომავალს, რადგან ომის ცხელი ფაზა გრძელდება, უკრაინამ შეიძლება დაკარგოს კიდევ უფრო მეტი ტერიტორია.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ასევე არ დაეთანხმა არგუმენტებს, რომ უკრაინის გაწევრიანება დაიცავს ევროპას, რადგან ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი უკვე ნატოს წევრია და ეს ალიანსი რუსეთზე ძლიერია.
"არ არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი თავს დაესხმება ნატოს წევრ ქვეყანას", - ამტკიცებს ვიქტორ ორბანი.
მან ასევე თქვა, რომ რუსეთი არასოდეს მიიღებს სერიოზულ პარტნიორად უკრაინას მოლაპარაკებებში, „მხოლოდ აშშ-ს და შესაძლოა, ევროკავშირს“.


