
კვების ობიექტები ვალდებულები იქნებიან, მენიუში ფასი გადასახადების ჩათვლით მიუთითონ
12/02/2024 07:52:14 საზოგადოება
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განცხადებით, კვებითი მომსახურების სექტორში მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინეს.
შესაბამისად, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია - "მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, მომსახურების გადასახადი".
სააგენტოს განცხადებით, სტანდარტი დაადგენს შპს "ლიმონი 2009"-ის (რესტორანი - რესპუბლიკა) საქმის შესწავლის პროცესში, სადაც მოვაჭრემ სააგენტოსთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.
"კერძოდ, "მომხმარებლის უფლებების დაცვის" კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკაში ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელიც შეასრულა", - ნათქვამია განცხადებაში.