Accentnews.ge
დეკანოზმა შალვა კეკელიამ კლუბ "ბასიანთან" პარაკლისი გადაიხადა

დეკანოზმა შალვა კეკელიამ კლუბ "ბასიანთან" პარაკლისი გადაიხადა

10/02/2024 04:07:15 საზოგადოება

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ კლუბ "ბასიანთან" პარაკლისი გადაიხადა.

იგი "ბასიანთან" მრევლთან ერთად მივიდა. შეკრებილებს თან ჰქონდათ ხატები.

მამა შალვა კეკელიამ არსებული ნარკოპოლიტიკა გააკრიტიკა.

"ეს ნარკოპოლიტიკა არის ძალიან გამარტივებული. 5 წლის წინ ჩვენ ბათუმში ვაპროტესტებდით ამ პოლიტიკას. ვეუბნებოდით, იცით, ამას რომ აკეთებთ, ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. [...] ჩვენ ამას ვიმკით, ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა ამ ნარკოპოლიტიკას", - განაცხადა შალვა კეკელიამ.

მან ოპოზიციასა და ხელისუფლებას მიმართა:

"თუ მარტო თქვენი პირადი არ გაინტერესებთ – ოპოზიციას მთავრობაში მოსვლა, მთავრობას მთავრობაში დარჩენა, თქვენს ხელში არ არის კანონები? ოპოზიცია და პოზიცია არ ხართ პარლამენტში? ახლა ამდენი შემთხვევა რომ არის ქვეყანაში, თქვენ არ შეგიძლიათ, ისეთი კანონი მიიღოთ, რომელიც ამ ქვეყანას დაეხმარება? რატომ მოვედი აქ? დღეს რა მდგომარეობაც არის ჩვენს ქვეყანაში, ასეთი მდგომარეობა 1990–იან წლებშიც არ ყოფილა. ყველგან ნარკოტიკი იშოვება. ყველგან ნარკოტიკი ყრია – უბნებში, სადარბაზოებში, საფლავებზე, ჩვენ ტაძართანაც დებდნენ, უკვე აღარაფერს აღარ ერიდებიან".

მამა შალვა კეკელიამ ამ საკითხზე დისკუსიის გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრა:

"ტელევიზიებმა ისაუბრეთ ამ თემაზე, გადაცემები აკეთეთ, მოიწვიეთ ფსიქოლოგები, ნარკოლოგები, ექიმები, ხალხი მოიწვიეთ, ვინც ამ ყველაფერს ეხება და ესაუბრეთ. ვისაუბროთ ამაზე, რითი ვუშველოთ ამ ქვეყანას, გამოსავალი სად არის. გამოსავალი ამ კლუბების დახურვებში არ არის. გამოსავალია ამის კონტროლში".

ცნობისთვის: დეკანოზმა "ბასიანთან" მისვლა მას შემდეგ დაგეგმა, რაც 19 წლის გოგოს გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. იგი სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებას ემსხვერპლა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ახალგაზრდა ქალი "ბასიანში" იმყოფებოდა.

"ცრუ ბრალდებებისა და გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ", კლუბმა 6 თებერვალს განცხადება გაავრცელა:

"გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რომლის შედეგებსაც ველოდებით, და მის დასრულებამდე, გთხოვთ, თავი შეიკავოთ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან“.

"ბასიანის" პოზიციაა, რომ "საკლუბო კულტურის მიზანმიმართული დემონიზირებისა და დისკრედიტაციის" ნაცვლად, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ზიანის შემცირებასა და ზრუნვაზე ორიენტირებული ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შესამუშავებლად:

"ეს არის ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც, საზოგადოების თითოეული წევრი, კულტურული და საჯარო, კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები, ცოდნის მიღებით, გაზიარებით და ურთიერთდახმარებით უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას ყველგან".

კლუბი მოუწოდებს "მადისკრედიტირებელი კამპანიის ავტორებს", შეწყვიტონ ტრაგედიით "ურცხვად მანიპულირება" და 2018 წელს იხენებს, როდესაც ღამის კლუბებში სპეცრაზმელები შეიჭრნენ:

"ჩვენ ერთხელ უკვე გვახსოვს ასეთი კამპანიის შედეგები 2018 წლის 12 მაისს, რომელიც შეიარაღებული სპეცრაზმის მიერ თბილისის კლუბებში შეჭრით, რეიდითა და სასტიკი დარბევით დასრულდა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S