
სისხლიანი დილა რუსთავში – მომხდარის ძირითადი ვერსია
09/02/2024 09:37:30 სამართალი, საზოგადოება
რუსთავის ერთ–ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, აგრარულ ბაზარში დღეს, 9 თებერვლის დილით მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი დაიჭრა, არაოფიციალურად ერთი ძირითადი ვერსია ფიგურირებს – სავარაუდოდ, 36 წლის თავდამსხელის სამიზნე მისი ნათესავები იყვნენ, ხოლო დანარჩენი მოკლულები შემთხვევით აღმოჩნდნენ ადგილზე და დაზარალებულების დახმარებას ცდილობდნენ.
ამ დროისთვის დაზუსტებით ცნობილია, რომ მოკლულთაგან ერთი თავდამსხმელის ბიძაა, ხოლო დაჭრილი – ბიძაშვილი. ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია. ის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ თავდამსხმელი პირდაპირ ხორცის სექციაში შევიდა და ჯერ ნათესავების მისამართით გახსნა ცეცხლი სანადირო თოფიდან, ხოლო შემდეგ მათ ესროლა, ვინც დაჭრილების დახმარებას ცდილობდნენ.
„ახალგაზრდა ბიჭი იყო აქ, ტაქსაობდა, მეხორცეებთან მეგობრობდა და დახმარებას ცდილობდა სროლა რომ ატყდა. ისიც მოკლულია“,– იხსენებს ერთ–ერთი თვითმხილველი.
რაც შეეხება მოტივს, ბაზარში დასაქმებულები ყვებიან, რომ თავდამსხმელი ნათესავებთან ერთად საქმიანობდა ხორცის ბიზნესში, თუმცა დაახლოებით ორი თვის წინ მათ შორის უთანხმოება მოხდა და თავდამსხმელი ბიზნესს ჩამოაშორეს.
„იმუქრებოდა, „ამას ასე არ დავტოვებო“,– იხსენებს ერთ–ერთი მოვაჭრე.
არსებული ცნობებით, ჯამში ექვსი გასროლა განხორციელდა, შემდეგ თავდამსხმელმა მიმალვა სცადა და ახლომდებარე სავაჭრო ობიექტში შეიჭრა, სანადირო თოფი კი ბაზრის ტერიტორიაზე დატოვა. ყვებიან, რომ სავაჭრო ობიექტში განხორციელდა გიორგი ორველაშვილის დაკავება.