პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას
08/02/2024 20:05:05 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას, რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შექიმნას დაბრკოლება, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება,– იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ათმა. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 105-მა წევრმა.
მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა – ჯუანშერ ბურჭულაძის ნაცვლად, თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ირაკლი ჩიქოვანმა დაიკავა.
6 თებერვალს დიდთოვლობის შედეგად ზვავი და მეწყერი ჩამოწვა მაღალმთიან აჭარაში. ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიღუპა ორი ადამიანი. სტიქიური მოვლენების დროს ხულოს მუნიციპალიტეტში 70-ზე მეტი ახალი მეწყერი განვითარდა. ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებიდან 130-მდე ოჯახი გაასახლეს.
7 თებერვალს, გამთენიისას, მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. მიწის მასაში ოთხი სახლი მოყვა, დაიღუპა 9 ადამიანი.
8 თებევრლის გამთენისას, მეწყერი ჩამოწვა ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის ხეობაში. მიწის მასამ ჩაიტანა სხალთა-ხიხაძირის საავტომობილო გზა და დაანგრია ხიდი. ხეობის 20-მდე ოჯახს სახლების დატოვება მოუწია.
მეწყრული პროცესები განვითარდა დაბა სურამსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთშიც. ათობით ოჯახი ევაკუირებულია.


