პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას პრეზიდენტი ნიკო ნიკოლაძის ციტატით გამოეხმაურა
08/02/2024 19:42:26 პოლიტიკა
პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის ციტატით გამოეხმაურა.
"ჩინოვნიკები, რომლებიც მეოთხედი საუკუნის მანძილზე შეუცვლელად სხედან ერთსა და იმავე თანამდებობაზე, ყოველი ახალი გუბერნატორის დანიშვნაზე აცხადებენ, რომ ის "ერთადერთია", "ასეთი ჯერ არ ყოფილა","არწივია", "ადამიანი კი არა, ანგელოზია" და ა.შ. და როგორც კი ამ არწივს სხვა თანამდებობაზე გადაიყვანენ და გამოჩნდება განსხვავებული ხასიათის მისი შემცვლელი, ჩინოვნიკები ამ უკანასკნელზე აცხადებენ "ერთადერთი", "არწივი", და ა.შ. ჩუმად მიანიშნებენ იმაზე, რომ '"ადრინდელი" შორს იყო ასეთი სრულყოფისაგან ....
16 თებერვალი .....1890 !!!!! ნიკო ნიკოლაძე (თხზულებანი, ტომი X), - დაწერა ზურაბიშვილმა.
ამასთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, "თვითონ ტოვებს თანამდებობას დეკემბერში და ალბათ, საკუთარ თავს გულისხმობს".
საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ათმა. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 105-მა წევრმა.
მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა – ჯუანშერ ბურჭულაძის ნაცვლად, თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ირაკლი ჩიქოვანმა დაიკავა.


