Accentnews.ge
მეწყერული პროცესები ქვიშხეთშიც განვითარდა

მეწყერული პროცესები ქვიშხეთშიც განვითარდა

08/02/2024 14:35:03 საზოგადოება

დაბა სურამის შემდეგ, მეწყრული პროცესები განვითარდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთშიც. მთიდან წამოსულმა მიწის მასამ სუთიაშვილების უბანში, საცხოვრებელ სახლებამდე მიაღწია. ორი ოჯახი ევაკუირებულია.

ხაშურის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები 7 თებერვალს, ღამის 11 საათზე დაიწყო. დაბა სურამში, ზინდისის დასახლებაში მიმდებარე მთის ფერდობიდან მიწის მასა სახლებისკენ დაიძრა. ტალახმა, ქვა-ღორღმა და ხეების ფრაგმენტებმა გურამიშვილის ქუჩამდე მიაღწია.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წუხელ უსაფრთხო ადგილზე 40 ოჯახი გაიყვანეს.

10 ევაკუირებული ოჯახი სასტუმროში განათავსეს. დანარჩენები კი ნათესავებმა შეიფარეს.

დილიდან ხაშურის მუნიციპალიტეტში მუშაობენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. მათ მოინახულეს მეწყერსაშიში ადგილები, ის ფერდობი საიდანაც მიწის მასა წამოვიდა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის თენგიზ ჩიტიაშვილის თქმით, სპეციალისტების რეკომენდაციების და დასკვნის საფუძველზე ხელისუფლება განსაზღვრავს გეგმას, რომელიც სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებას და სტიქიური მოვლენების პრევენციას უკავშირდება:

„რაც მთავარია წუხელ დაწყებული პროცესი არ გაგრძელებულა. მიწის მასა შეჩერებულია და აღარ მოძრაობს. გეოლოგები არიან ჩამოსული და ადგილზე მუშაობენ და რასაც გვეტყვიან, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ წუხელ აქ მცხოვრებლების ევაკუაცია განვახორციელეთ და ახლა ისინი უსაფრთხოდ არიან“.

  • 6 თებერვალს დიდთოვლობის შედეგად ზვავი და მეწყერი ჩამოწვა მაღალმთიან აჭარაში. ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიღუპა ორი ადამიანი. სტიქიური მოვლენების დროს ხულოს მუნიციპალიტეტში 70-ზე მეტი ახალი მეწყერი განვითარდა. ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებიდან 130-მდე ოჯახი გაასახლეს.
  • 7 თებერვალს, გამთენიისას, მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. მიწის მასაში ოთხი სახლი მოყვა, დაიღუპა 9 ადამიანი.
  • 8 თებევრლის გამთენისას, მეწყერი ჩამოწვა ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის ხეობაში. მიწის მასამ ჩაიტანა სხალთა-ხიხაძირის საავტომობილო გზა და დაანგრია ხიდი. ხეობის 20-მდე ოჯახს სახლების დატოვება მოუწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S