
იოსელიანი: ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა სახელმწიფომ ყველაფერი სტიქიური უბედურებების ასაცილებლად
08/02/2024 14:25:29 საზოგადოება
სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი იკვლევს, გააკეთა თუ არა სახელმწიფომ ყველაფერი იმისთვის, რომ აცილებულიყო თავიდან სტიქიური უბედურება.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ეკოლოგიაზე, ეკოლოგიის შედეგად წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, შოვის ნაწილზეც. რა თქმა უნდა, ამ ნაწილზეც ჩავერთვებით. ძირითადად, ჩვენ ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან ესა თუ ის უბედური შემთხვევა და სტიქია" - ამბობს ლევან იოსელიანი.
იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვლის ღამეს ჩამოწვა. მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი. დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის, სამი მოზარდი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების გააქტიურება "რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან".
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობითვე, 6 თებერვალს დიდთოვლობის შედეგად ხულოში ჩამოწვა ზვავი და განვითარდა მეწყრული პროცესები. სტიქიური მოვლენების შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. ასევე, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში ჩამოწვა მეწყერი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი საინფორმაციო ბიულეტენში წერდა, რომ 2023 წლისთვის ბაღდათის სოფლებში მეწყრული პროცესებია მოსალოდნელი. იმ სოფლებს შორის, რომლებიც პოტენციურ სტიქიის ზონადაა მონიშნული, დასახელებულია სოფელი ნერგეეთიც.
წინა დღეს სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა მთიან აჭარაში.